16 და 17 იანვარს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ირაკლი კობახიძე და მაკა ბოჭორიშვილი ჩავლენ.
"ქართული ოცნების" საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მაკა ბოჭორიშვილი 2025 წლის 16 იანვარს, საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში აზერბაიჯანის რესპუბლიკას პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ბოჭორიშვილის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში. შეხვედრის შემდეგ იგეგმება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.
"მინისტრი ასევე გვირგვინით შეამკობს მარადიული ცეცხლის მემორიალს “შეჰიდების ხეივანში“ და პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას." - წერს "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური გვერდი.
17 იანვარს ასევე დაგეგმილია ირაკლი კობახიძის აზერბაიჯანში ვიზიტი. "ქართული ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიზიტის ფარგლებში, ბაქოში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით, საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება.
"დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პირისპირ შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. შეხვედრის შემდეგ ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ." - წერია განცხადებაში.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, დელეგაციაში მაკა ბოჭორიშვილის გარდა ასევე იქნებიან "ქართული ოცნების" ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და კულტურის მინისტრები: ლევან დავითაშვილი, დავით სონღულაშვილი, თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.