არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება მთავარი არხის გავრცელებული ინფორმაცია, რომ სასამართლო პროცესამდე ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე ერთ თვეს აბუ-დაბის წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარებენ. ინტერპრესნიუსს საელჩოში უთხრეს, რომ სამართალდამცველები მომხდარს სწავლობენ.
"აღნიშნული არ არის სიმართლე. რაც შეგვიძლია ვთქვათ - მიმდინარეობს სამართალდამცავების მხრიდან მომხდარის შესწავლა, რაშიც, ბუნებრივია, ჩართული არიან ინციდენტში მონაწილე პირები“, - განუცხადეს ინტერპრესნიუსს საელჩოში.
13 იანვარს ბიძინა ივანიშვილის დეპუტატები ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს აბუ დაბიში, ერთ-ერთ სასტუმროში ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირების ვიდეოები გაბიტაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.
14 იანვარს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზარქუა და სანიკიძე დაკავებულები იყვნენ. კოალიცია ცვლილებებისთვის წევრმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მათი სასამართლო 15 იანვარს იყო ჩანიშნული.
ამის შემდეგ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნების დეპუტატები - ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე 13 იანვარს, აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს მოქალაქეზე თავდასხმის გამო გამოკითხვაზე იმყოფებიან.
"ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, მომხდარზე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა, რა მიზნითაც ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან" - აცხადებდნენ საელჩოში.
15 იანვარს ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან მოქალაქეზე აბუ-დაბიში ფიზიკური თავდასხმის შემდეგ, ირაკლი კობახიძეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ოფიციალური ვიზიტი გაუუქმეს. ფორმულას ცნობითვე, ვიზიტი მასპინძელმა მხარემ გადადო.
ადმინისტრაციაში ტაბულას უთხრეს, რომ ივანიშვილის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი არ გაუქმებულა და თვის ბოლოს შედგება.