ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

Axios: ისრაელი და ჰამასი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ

ღაზის სექტორი ისრაელის საჰაერო იერიშის დროს, 22 ნოემბერი, 2023
John MacDougall/AFP via Getty Images

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და ჰამასის მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ისრაელმა და ჰამასმა შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას გამოცემა Axios-ის კორესპონდენტი, ბარაკ რავიდი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე, 14 იანვარს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გამოშვებაზე მხარეები შეთანხმების მიღწევის "ზღვარზე" იყვნენ.

გავრცელებული ცნობების მიხედვით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების მიღება დაადასტურა ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის მაღალჩინოსანმაც. შეთანხმების მიღწევაზე ინფორმაციას ამერიკელ და არაბ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს გამოცემა Times of Israel-იც.

შეთანხმების დეტალებზე გამოცემა Reuters წერს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ექვსკვირიან პერიოდს გულისხმობს და ღაზის სექტორიდან ისრაელის ძალების ეტაპობრივ გამოყვანასა და ისრაელში მყოფი პალესტინელი პატიმრების გამოშვების სანაცვლოდ ჰამასის ტყვეობაში მყოფი მძელვების გათავისუფლებას მოიცავს.

ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეულ შეთანხმებას მალევე აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხაზი გაუსვა, რომ ეს შეთანხმება "მხოლოდ ნოემბერში ჩვენი ისტორიული გამარჯვების შედეგად გახდა შესაძლებელი".

"მე მოხარული ვარ, რომ ამერიკელი და ისრაელელი მძევლები სახლში დაბრუნდებიან". - დაამატა მან.

ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია "გააგრძელებს რეგიონში ძალის მეშვეობით მშვიდობის ხელშეწყობას".

კომენტარები