ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

პროკურატურა 2024 წლის არჩევნების გაყალბების გამოძიების შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

პროკურატურის განმარტებით, დაწყებულია მასშტაბური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომელშიც  თბილისის და საოლქო პროკურატურების ყველა საგამოძიებო დანაყოფია ჩართული.

უწყების ცნობით, ყურადღება გამახვილებულია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ცალკეული პირების მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებზე, რომლებიც არჩევნების გაყალბების ფაქტებზე მიუთითებდნენ.

"მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე ჩატარებულია რვაასზე მეტი საგამოძიებო მოქმედება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებში არსებული მონაცემების შესწავლას. "კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ლიცენზირებული კომპანიის, სმარტმატიკის წარმომადგენლები. სმარტმატიკის ექსპერტთა უშუალო ჩართულობით, გამოძიების მიერ სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე, 2300-მდე ვერიფიკაციის აპარატიდან ამოღებულია მეხსიერების ბარათები, რომლებზეც განთავსებულია თითოეულ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად გამოცხადებული ამომრჩევლის შესახებ ინფორმაცია" - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის თქმით, ასევე დანიშნულია მარკირების სითხის ვარგისიანობის ექსპერტიზა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს კვლევით დადგინდა, რომ არჩევნების დროს გამოყენებული მარკირების სითხე ულტრაიისფერი ნათების ქვეშ 12 საათზე მეტ ხანს ინარჩუნებდა ლუმინესცირებას, რაც გამორიცხავს ამომრჩევლის განმეორებითი ხმის მიცემის შესაძლებლობას.

უწყება აღნიშნავს, გამოძიების მსვლელობისას გამოკითხულია ოთხასამდე პირი, თუმცა ბევრი მოწმე თანამშრომლობაზე უარს აცხადებს ან მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია დაუზუსტებელ წყაროებს ეყრდნობა.

პროკურატურამ ასევე მიმართა საზოგადოებას: "მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო გამოსაკითხ პირებს ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოსთან და წარმოადგინონ ნებისმიერი სახის მტკიცებულება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში".

კომენტარები