13 იანვარს სადამკვირვებლო ორგანიზაცია "ჩემი ხმის" ორმა წევრმა, ეკა გიგაურმა და ნინო ლომჯარიამ ბრიფინგი გამართეს, სადაც ხაზი გაესვა ივანიშვილის რეჟიმის მიერ თბილისსა და ბათუმში აქციებზე გამოყენებულ ძალადობას, უსაფუძვლოდ დაჭერილ მომიტინგეებსა და საჯარო სამსახურში რეპრესიული მექნიზმების ამოქმედებას.
"10 და 11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯამში 19 ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის გადასინჯვის პროცესი ჩატარდა და მოსამართლეებმა ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვეს
ორივე სხდომაზე პროკურორები გიორგი მუკბანიანი და ვაჟა თოდუა იყვნენ" - თქვა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა "ჩემი ხმის" ბრიფინგზე
"ქართულმა ოცნებამ პროფესიონალიზმზე და ნეიტრალიტეტის პრინციპებზე დაფუძნებული საჯარო სამსახური პარტიული მორჩილების ინსტრუმენტად აქცია.
პოლიტიკური ნიშნით საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულ, ან შევიწროებულ მოხელეებს ვთავაზობთ იურიდიულ დახმარებას და სასამართლო წარმომადგენლობას. ამისთვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: 599 948 671" - თქვა ყოფილმა სახალხო დამცველმა და სადამკვირვებლო ორგანიზაცია "ჩემი ხმას" წევრმა, ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე
გთავაზობთ სრულ განცხადებებს:
12 იანვარს პოლიციის მხრიდან უკანონო დაკავებები ხდებოდა როგორც თბილისში, ასევე ბათუმში. სულ დღის მანძილზე დააკავეს 16 ადამიანი - 7 ბათუმში და 9 თბილისში. მათგან გამოუშვეს მხოლოდ ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე, რადგან მათ დეპუტატის სტატუსი აქვთ, დანარჩენები გადაყვანილები არიან დროებით მოთავსების იზოლატორებში.
11 იანვარს ბათუმში ადმინისტრაციული წესით 10-ზე მეტი პირი, ხოლო სისხლის სამართლის წესით 1 პირი დააკავეს, ხოლო თბილისში კი ადმინისტრაციული წესით დააკავეს 1 პირი.
სულ არჩევნების შემდგომ დღემდე სახელმწიფომ ადმინისტრაციული წესით 480-ზე მეტი, ხოლო სისხლის სამართლის წესით - 43 პირი დააკავა.
10 და 11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯამში 19 ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის გადასინჯვის პროცესი ჩატარდა და მოსამართლეებმა ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვეს.
10 იანვარს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ განიხილა: ანდრო ჭიჭინაძის, ჯანო არჩანიას, გურამ მირცხულავას, ონისე ცხადაძის, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, სერგეი კუფაჩუკის, გიორგი ტერაშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის, ვალერი თეთრაშვილის საქმეები.
11 იანვარს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ განიხილა: ვეფხია კასრაძის, ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის საქმეები.
ორივე სხდომაზე პროკურორები გიორგი მუკბანიანი და ვაჟა თოდუა იყვნენ.
პროცესები მნიშვნელოვანი პროცესუალური დარღვევებით და სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დარღვევით ჩატარდა:
-
პროკურატურის დაუსაბუთებელი პოზიციები: პროკურორებს პროცესებზე არ წარმოუდგენიათ მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას დაასაბუთებდა. პროკურატურის პოზიციები შაბლონური იყო.
-
მიკერძოებული მოსამართლეები: ორივე სხდომაზე დაცვის მხარის მხრიდან დადგა შუამდგომლობა მოსამართლეების აცილების თაობაზე. დაცვის მხარის ადვოკატები ორივე შემთხვევაში მიუთითებდნენ მოსამართლის მიკერძოებულობაზე.
-
საჯაროობის პრინციპის შეზღუდვა: მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ განჭვრეტადი იყო ამ პროცესების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესი, ასევე ის, რომ ერთ საქმედ 11 ბრალდებულის, ხოლო მეორე საქმეზე 8 ბრალდებულის საქმეები იყო გაერთიანებული, მოსამართლეებმა ორივე სხდომა პატარა დარბაზში ჩანიშნეს. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ, ადვოკატების შუამდგომლობის შემდეგ დარბაზი შეცვალა. ირაკლი ხუსკივაძემ უარი თქვა დარბაზის ცვლილებაზე, რის შედეგადაც სხდომაზე, ვერ შემოვიდნენ ზოგი ბრალდებულის ოჯახის წევრიცა კი.
-
დაცვის უფლების შეზღუდვა: მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის მიერ ჩატარებულ პროცესზე სხვა პროცესუალურ დარღვევებს დაემატა ასევე დაცვის უფლების შეზღუდვა. დარბაზის ცვლილებაზე მოსამართლის უარმა, გამოიწვია ის, რომ სიმჭიდროვის გამო ადვოკატებსა და ბრალდებულებს შორის სათანადო კომუნიკაცია ვერ ხერხდებოდა. ერთ-ერთი ბრალდებული - 19 წლის ირაკლი მიმინოშვილი უჟანგბადობის გამო ცუდად გახდა და პროცესზე სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატი სასწრაფოს გამოსაძახებლად იყო გასული, მოსამართლემ პროცესი არ შეაჩერა და მისი დასწრების გარეშე განაგრძო სხდომა. პროცესზე შესვენება მხოლოდ ადვოკატების დაჟინებული თხოვნით გამოცხადდა. საბოლოოდ, ადვოკატებმაც და ბრალდებულებმაც სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, რადგან ბრალდებულების სათანადო დაცვა უჟანგბადობის გამო შეუძლებელი გახდა. ხუთ ბრალდებულს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო დაცვის ადვოკატები დაუნიშნეს. სავალდებულო დაცვის ადვოკატის შუამდგომლობის მიუხედავად, მას არ მიეცა შესაძლებლობა შეხვედროდა მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს და მოესმინა მათი პოზიციები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.
2024 წლის 11 იანვარს ბათუმში პოლიციამ 10-ზე მეტი მშვიდობიანი დემონსტრანტი დააკავა. მათი ნაწილი ამ დრომდე დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. დაკავებულები ადვოკატებთან კომუნიკაციისას უთითებენ პოლიციელთა მხრიდან ძალის მიზანმიმართულ უკანონო გამოყენებაზე.
საჯაროდ გავრცელებული კადრებისა და დაკავებულთა უფლებადამცველების განცხადედების შესაბამისად, ნათელია, რომ საპოლიციო ძალების მხრიდან გრძელდება მათი უფლებების შელახვისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები. კერძოდ, საპოლიციო ძალების მხრიდან მიმდინარე დაკავებებს არ გააჩნდა რაიმე კანონიერი საფუძველი. პოლიციელები მოქალაქეებს აკავებდნენ მხოლოდ სტიკერების გაკვრისა და კითხვის დასმის გამო. ადვოკატებს არ მიეცათ საშუალება დროულად მოენახულებინათ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები. დაკავებულთა ნაწილი დაექვემდებარა პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობას, რაც გამოიხატა ფიზიკური და ფსიქოლოგიურ ძალადობასა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში.
11 იანვარს ბათუმში, სხვებთან ერთად, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი, რომელიც რამდენიმე საათში ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. თუმცა, გათავისუფლებიდან მალევე იგი ხელახლა დააკავეს. ამ დროისთვის იგი იმყოფება დროებითი მოთავსების იზოლატორში და გამომძიებელთა თქმით, მას შესაძლოა 48 საათში წარუდგინონ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლით გათვალისწინებული პოლიციელზე თავდასხმისთვის. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. ჟურნალისტი საუბრობს პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე.
11 იანვარს თბილისში, რუსთაველის გამზირზე დააკავეს შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი. მას რამდენიმე პოლიციელი იმ დროს დაესხა თავს, როდესაც პარლამენტის მიმართულებით ფეხით მიდიოდა. პოლიციელებმა იგი მიწაზე დააგდეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავის არეში მიღებული დაზიანებების გამო იგი სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს. თუმცა, ამ დროისთვის იგი ჯერ კიდევ დაკავებულად მიიჩნევა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც გია ჯვარშეიშვილი პოლიციელთა მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა. პირველად პოლიცელებმა იგი 2 დეკემბერს დააკავეს. ძალადობის შედეგად ჯვარშეიშვილმა ტვინის შერყევა და ჩამტვრეული ნეკნები მიიღო.
მზია ამაღლობელის დაკავების და მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” დროულად მოახდინა ჩვენი უცხოელი პარტნიორების ინფორმირება. მოკლე შეტყობინებები დაეგზავნათ 20-მდე ორგანიზაციას და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს.
ჩვენ გავაგრძელებთ მშვიადობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ განხორციელებული რეპრესიული ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი ზომების მონიტორინგს და დროულად ჩააყენებს საზოგადოებას საქმის კურსში" - თქვა ეკა გიგაურმა
3 დეკემბრის ბრიფინგზე ირაკლი კობახიძე ,,სათანადო რეაგირებით” დაემუქრა იმ საჯარო მოხელეებს, რომლებმაც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების თაობაზე საპროტესტო განცხადებას მოაწერეს ხელი. ანალოგიურად, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, მერიის თანამშრომლების მიერ გავრცელებულ კრიტიკულ პეტიციას ,,სახელმწიფო გადატრიალების და უწყებების ჩამოშლის მცდელობა” უწოდა და დაიმუქრა, რომ საბოტაჟის მცდელობა არ დარჩებოდა პასუხგაუცემელი.
გაჟღერებული მუქარა რამდენიმე დღეში იქნა რეალიზებული და ,,ქართულმა ოცნებამ” 13 დეკემბერს, 5 დღიანი განხილვის შედეგად, დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში, რითიც პროფესიონალიზმზე და ნეიტრალიტეტის პრინციპებზე დაფუძნებული საჯარო სამსახური პარტიული მორჩილების ინსტრუმენტად აქცია.
დეკემბრის ბოლო რიცხვებიდან საჯარო სამსახურში დასაქმებულმა პირებმა მათი მოსაზრებების გამო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების, მიზანმიმართულად დაბალი შეფასების მიღების ან სხვაგვარი შევიწროვების ფაქტების შესახებ დაიწყეს საჯაროდ საუბარი. გათავისუფლებების ფორმა, მასშტაბი, დაუსაბუთებლობა, შერჩეული დრო და სხვა გარემოებები მიუთითებს, რომ ეს საჯარო მოსამსახურეთა საჩვენებელი-სადამსჯელო ღონისძიებებია.
გათავისუფლების ფორმალურ საფუძვლად როგორც წესი მითითებულია ხელშეკრულებების ვადის გასვლა. ფაქტობრივად კი, სამსახურებიდან დაითხოვეს ის საჯარო მოსამსახურეები რომლებმაც:
-
ხელი მოაწერეს შესაბამისი სამსახურის სახელით საპროტესტო განცხადებებს და მოითხოვეს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვა;
-
მონაწილეობენ საპროტესტო აქციებში;
-
საჯაროდ, მათ შორის სოციალურ მედიაში აკრიტიკებენ სახელმწიფოს მიერ ჩადენილ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგებბის მიმართ.
დისკრიმინაციული მოტივით საჯარო მოხელეები გაათავისუფლეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, თბილისის მერიის ააიპ საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოდან, თბილისის მერიის სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოდან; სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან, საქართველოს პარლამენტიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან, იუსტიციის სახლიდან, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-დან, რუსთავის მუნიციპალიტეტიდან, ადიგენის მუნიციპალიტეტიდან, სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოდან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან, სსიპ იურიდიული დახმარების ბიუროდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან, მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობიდან;
რეპრესიის იარაღად, ტრადიციულად, აქტიურად გამოიყენება რეორგანიზაცია. აღსანიშნავია, რომ უკანონო რეორგანიზაციათა მხარდაჭერისთვის კანონში სპეციალური ცვლილებებიც შევიდა, მათ შორის ისიც, რომ ამ მექანიზმით უკანონოდ გათავისუფლებული პირები, სასამართლო საქმის მოგების შემდეგაც კი, ვერ შეძლებენ სამსახურში აღდგენას.
გათავისუფლებების გარდა, რეპრესიის იარაღად გამოიყენება საჯარო მოხელის დაბალი შეფასების ქულების დაწერა. ვრცელდება ცნობები, რომ ბათუმის მერიის 26 თანამშრომელი, ვინც ხელი მოაწერა საპროტესტო განცხადებას, დადის აქციებზე და ღიად აფიქსირებს პოზიციას - შეფასებისას დასაბუთების გარეშე დაბალი ქულებით შეაფასეს და ე წ. “მეცამეტე ხელფასი” გაუნახევრეს.
ამ დროისთვის “საჯარო მოხელეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის - “კონსტიტუციის 78-ე მუხლის” ინფორმაციით, გათავისუფლებულია 16 საჯარო უწყების 70 თანამშრომელი. ათობით დასაქმებული საუბრობს დისკრიმინაციული მოპყრობაზე, რაც გამოიხატა დაუსაბუთებლად ნეგატიურ შეფასებებში, ჯილდოსა და დანამატის შეზღუდვაში.
საჯარო სექტორში დაწყებული რეპრესიები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან ერთად მიზნად ისახავს საჯარო სამსახურის პარტიული ვერტიკალისთვის უფრო მეტად დაქვემდებარებას. ამგვარი პოლიტიკური რეპრესიების მიზანია საჯარო სამსახურში დასაქმებულებმა - მოხელეებმა და ხელშეკრულებებით დასაქმებულმა პირებმა, სამსახურის დაკარგვის შიშით უარი თქვან პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვაზე, ან აქტიურ სამოქალაქო მონაწილეობაზე.
აღნიშნული ქმედებების ერთობლიობა შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, რომელიც გულისხმობს დევნას, ჩადენილს სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით.
ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები მხარდაჭერას ვუცხადებს თითოეულ საჯარო მოსამსახურეს, რომლებიც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებიან საზოგადოებას და მხარს უჭერენ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვას. ჩვენ ვახორციელებთ საჯარო სამსახურში მიმდინარე რეპრესიების დოკუმენტირებას და მიმდინარე სახელმწიფო ტერორის შესახებ მტკიცებულებების საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიწოდებას.
ასევე, პოლიტიკური ნიშნით საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულ, ან შევიწროებულ მოხელეებს ვთავაზობთ იურიდიულ დახმარებას და სასამართლო წარმომადგენლობას. ამისთვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: 599 948 671" - თქვა ნინო ლომჯარიამ