დონალდ ტრამპი

სასამართლომ ტრამპს დუმილისთვის ფულის გადახდის საქმეში ჯარიმა ან პატიმრობა არ მიუსაჯა

10 იანვარს აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ნიუ-იორკის სასამართლომ დუმილისთვის ფულის გადახდის საქმის ფარგლებში გამოტანილ განაჩენში არც პატიმრობა და არც სხვა სახის სასჯელი მიუსაჯა.

საუბარია რამდენიმე წლის წინ ტრამპის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე, რომლის მიხედვითაც ტრამპმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ პორნოვარსკვლავს, სტორმი დენიელსს საკუთარი ადვოკატის შუამავლობით გადაუხადა დიდი ოდენობის თანხა, რათა ქალს სიჩუმე შეენარჩუნებინა.

მანამდე, ტრამპმა მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომ განაჩენი 10 იანვარს, ინაუგურაციამდე 10 დღით ადრე, გამოეტანა, "არალეგიტიმური პოლიტიკური თავდასხმა" უწოდა, ხოლო მის წინააღმდეგ აღძრულ აღნიშნულ საქმეს - "არაფერი, თუ არა გაყალბებული ფარსი".

ტრამპის "უპირობო გათავისუფლების" გადაწყვეტილებით, მოსამართლე ხუან მერჩანმა არჩეული პრეზიდენტი ბრალეულად ცნო და საქმე დახურა. მერჩანის თქმით, ამ განაჩენით, მან ტრამპს პატიმრობა ან პირობითი არ მიუსაჯა, რადგან აშშ-ს კონსტიტუცია პრეზიდენტს სისხლისსამართლებრივი დევნისგან იცავს. თუმცა, დაამატა, რომ პრეზიდენტის თანამდებობისთვის მინიჭებული იმუნიტეტი "არ ამცირებს დანაშაულის სიმძიმეს ან არანაირად არ ანიჭებს მისი ჩადენის უფლებამოსილებას".

თავის მხრივ, ტრამპმა ბრალეულობა არ აღიარა და პირობა დადო, რომ განაჩენს გაასაჩივრებს. მისი თქმით, "ეს ძალიან ცუდი გამოცდილება იყო".

"მე სრულად უდანაშაულო ვარ, არასწორი არაფერი გამიკეთებია". - დაამატა მან. 

ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 2024 წლის ივლისში აშშ-ს ყოფილი და აწ უკვე მომავალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნო 34-ვე ბრალდებაში, რომლებიც ბიზნესის ჩანაწერების გაყალბებასა და პორნოვარსკვლავი სტორმი დენიელსის გაჩუმებისთვის ფულის გადახდას უკავშირდებოდა.

ტრამპს ედავებოდნენ, რომ მან 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსს საკუთარი ადვოკატის შუამავლობით გადაუხადა დიდი ოდენობის თანხა, რათა ქალს სიჩუმე შეენარჩუნებინა.

დენიელსის მტკიცებით, მას და ტრამპს სექსი ჰქონდათ და მან ამ ამბის 2016 წელს საპრეზიდენტო კამპანიისას დასამალად ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატისგან 130 000 დოლარი მიიღო. საქმის განხილვა 2018 წელს დაიწყო. ტრამპი უარყოფდა დენიელსთან რამე სექსუალურ კავშირს. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი, მაიკლ კოენი დააპატიმრეს. 

ვინმეს გასაჩუმებლად კომპენსაციის გადახდა არალეგალური არ არის. თუმცა, რამაც ტრამპს პრობლემები შეუქმნა არის ის, თუ როგორ გადაუხადა კოენმა ქალს ანაზღაურება. სასამართლოს თანახმად, ადვოკატმა ბიზნეს ჩანაწერები გააყალბა - თითქოს გადახდა იურიდიული პირის სახელზე მოხდა.

ვინ არის პორნოვარსკვლავი, რომლის გაჩუმების გამო ტრამპს ბრალი წაუყენეს?

კომენტარები