ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნო 34-ვე ბრალდებაში, რომლებიც ბიზნესის ჩანაწერების გაყალბებასა და პორნოვარსკვლავი სტორმი დანიელსის გაჩუმებისთვის ფულის გადახდას უკავშირდებოდა.
ტრამპი გახდა აშშ-ს პირველი ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც დამნაშავედ ცნეს. მოსამართლე დონალდ ტრამპის განაჩენს 11 ივლისს გამოიტანს, ანუ რესპუბლიკური პარტიის მიერ მისი პრეზიდენტის კანდიდატად არჩევამდე რამდენიმე დღით ადრე. ყოფილი პრეზიდენტი ამ დროის განმავლობაში თავისუფალი იქნება.
როგორც ადგილზე მყოფი რეპორტიორები ამბობენ, ტრამპი სასამართლოს გადაწყვეტილებას "გაქვავებული სახით" შეხვდა და დაბლა იყურებოდა, შემდეგ კი გარშემო მიმოიხედა და მის გამამტყუნებელ ნაფიც მსაჯულებს შეხედა.
სასამართლოს გარეთ ტრამპმა რეპორტიორებთან კომენტარი გააკეთა, ვერდიქტს "სამარცხვინო" უწოდა და თქვა, რომ სასამართლო გაყალბებული იყო. მისივე თქმით, ის "უდანაშაულო კაცია".
"ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ." – თქვა ტრამპმა ჟურნალისტებთან.
ტრამპს ედავებოდნენ, რომ მან 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ პორნოვარსკვლავს, საკუთარი ადვოკატის შუამავლობით გადაუხადა დიდი ოდენობის თანხა, რათა ქალს სიჩუმე შეენარჩუნებინა.
დენიელსის მტკიცებით, მას და ტრამპს სექსი ჰქონდათ და მან ამ ამბის 2016 წელს საპრეზიდენტო კამპანიისას დასამალად ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატისგან 130 000 დოლარი მიიღო. საქმის განხილვა 2018 წელს დაიწყო. ტრამპი უარყოფდა დენიელსთან რამე სექსუალურ კავშირს. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი, მაიკლ კოენი დააპატიმრეს.
ვინმეს გასაჩუმებლად კომპენსაციის გადახდა არალეგალური არ არის. თუმცა, რამაც ტრამპს პრობლემები შეუქმნა არის ის, თუ როგორ გადაუხადა კოენმა ქალს ანაზღაურება. სასამართლოს თანახმად, ადვოკატმა ბიზნეს ჩანაწერები გააყალბა - თითქოს გადახდა იურიდიული პირის სახელზე მოხდა.
ვინ არის პორნოვარსკლავი, რომლის გაჩუმების გამო ტრამპს ბრალი წაუყენეს?





