ნიუ-იორკის სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, დუმილისთვის ფულის გადახდის საქმეზე აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს განაჩენს 10 იანვარს, ინაუგურაციამდე 10 დღით ადრე გამოუტანს.
საუბარია რამდენიმე წლის წინ ტრამპის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე, რომლის მიხედვითაც ტრამპმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ პორნოვარსკვლავს, სტორმი დენიელსს საკუთარი ადვოკატის შუამავლობით გადაუხადა დიდი ოდენობის თანხა, რათა ქალს სიჩუმე შეენარჩუნებინა.
მოსამართლე ხუან მერჩანმა სასამართლო სხდომაზე მიანიშნა, რომ ტრამპს პატიმრობას, პირობით მსჯავრს ან ჯარიმას არ მიუსჯიდა - მას "უპირობოდ გაათავისუფლებდა". მოსამართლემ ბრძანებაში ასევე აღნიშნა, რომ 10 იანვარს ტრამპს სასამართლო სხდომაზე დასწრება როგორც ფიზიკურად, ისე ონლაინ-ფორმატში შეუძლია.
როგორც BBC წერს, ტრამპი აქამდე ცდილობდა, მის წინააღმდეგ აღძრული საქმის შეჩერების მიზნით, აშშ-ს 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება გამოეყენებინა. შესაბამისად, ტრამპმა მოსამართლის გადაწყვეტილება, არ მოეხსნა მისთვის წაყენებული ბრალდება, გაეგრძელებინა აღნიშნული საქმის განხილვა და, შესაბამისად, 10 იანვარს განაჩენი გამოეტანა, საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაგმო.
არჩეულმა პრეზიდენტმა მოსამართლის გადაწყვეტილებას "არალეგიტიმური პოლიტიკური თავდასხმა", ხოლო მის წინააღმდეგ აღძრულ აღნიშნულ საქმეს - "არაფერი, თუ არა გაყალბებული ფარსი" უწოდა.
ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 2024 წლის ივლისში აშშ-ს ყოფილი და აწ უკვე მომავალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნო 34-ვე ბრალდებაში, რომლებიც ბიზნესის ჩანაწერების გაყალბებასა და პორნოვარსკვლავი სტორმი დანიელსის გაჩუმებისთვის ფულის გადახდას უკავშირდებოდა.
ტრამპს ედავებოდნენ, რომ მან 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსს საკუთარი ადვოკატის შუამავლობით გადაუხადა დიდი ოდენობის თანხა, რათა ქალს სიჩუმე შეენარჩუნებინა.
დენიელსის მტკიცებით, მას და ტრამპს სექსი ჰქონდათ და მან ამ ამბის 2016 წელს საპრეზიდენტო კამპანიისას დასამალად ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატისგან 130 000 დოლარი მიიღო. საქმის განხილვა 2018 წელს დაიწყო. ტრამპი უარყოფდა დენიელსთან რამე სექსუალურ კავშირს. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი, მაიკლ კოენი დააპატიმრეს.
ვინმეს გასაჩუმებლად კომპენსაციის გადახდა არალეგალური არ არის. თუმცა, რამაც ტრამპს პრობლემები შეუქმნა არის ის, თუ როგორ გადაუხადა კოენმა ქალს ანაზღაურება. სასამართლოს თანახმად, ადვოკატმა ბიზნეს ჩანაწერები გააყალბა - თითქოს გადახდა იურიდიული პირის სახელზე მოხდა.
ვინ არის პორნოვარსკლავი, რომლის გაჩუმების გამო ტრამპს ბრალი წაუყენეს?