28 დეკემბერს, ავღანეთის ტერიტორიაზე დარტყმების შემდეგ, თალიბანმა პაკისტანში საპასუხო იერიშები მიიტანა.
თავდაპირველად, 25 დეკემბერს პაკისტანის საჰაერო ძალებმა ავღანეთის აღმოსავლეთში, ფაქთიკის პროვინციაში იერიშები მიიტანა, რასაც, თალიბანის ცნობით, სულ მცირე 46 ადამიანი, უმეტესობა ბავშვები და ქალები, ემსხვერპლა. მათივე ცნობით, კიდევ 6 ადამიანი დაშავდა კიდევ ოთხ ლოკაციაზე.
შემთხვევის შემდეგ თალიბანმა ქაბულში პაკისტანის მისიის მეთაური გამოიძახა.
"ავღანეთი ამ დაუნდობელ ქმედებას ყველანაირი საერთაშორისო პრინციპების აშკარა დარღვევად და აგრესიის ცხად აქტად მიიჩნევს. ისლამური საამირო ამ ლაჩრულ ქმედებას უპასუხოდ არ დატოვებს." - წერდა თალიბანის ეროვნული თავდაცვის მინისტრი, ენაითულა ხოვრაზმი.
Reuters-თან საუბარში პაკისტანელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურად თქვა, რომ მათი დარტყმების სამიზნე ისლამისტური დაჯგუფების, პაკისტანის თალიბანის (TTP) ბანაკი იყო.
TTP ავღანეთის თალიბანიდან მომდინარეობს და ფორმალურად მათაც ემორჩილებიან, თუმცა ეს ჯგუფი ავღანეთის მმართველი დაჯგუფების უშუალო ნაწილი არაა. მათი ერთ-ერთი მიზანი პაკისტანში შარიათის კანონების დაწესებაა.
21 დეკემბერს TTP-მ მოაწყო თავდასხმა პაკისტანის სამხრეთ ვაზირისტანში, რომელიც ესაზღვრება იმ ავღანეთის იმ რეგიონს, სადაც შემდეგში ისლამაბადმა იერიშები მიიტანა. ტერორისტულ თავდასხმას 16 პაკისტანელი სამართალდამცველი ემსხვერპლა.
ისლამაბადის იერიშის შემდეგ თალიბანი ირწმუნებოდა, რომ დარტყმის შედეგად დაღუპულთა უმეტესობა ვაზირისტანიდან წამოსული ლტოლვილები იყვნენ.
28 დეკემბერს თალიბანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ პაკისტანში იერიშები მიიტანეს. მათ ეს ქვეყანა პირდაპირ არ უხსენებიათ, თუმცა ერთ-ერთ გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვეს, რომ იერიში "ჰიპოთეტური ხაზის" მიღმა მიიტანეს. კიდევ ერთ განცხადებაში პირდაპირ ახსენეს დურანდის ხაზი, რომელიც პაკისტანსა და ავღანეთს შორის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარია, თუმცა ქაბულის არც ერთ ხელისუფლებას ეს ხაზი ოფიციალურ საზღვრად არ უღიარებია. თავად დურანდის ხაზი 1893 წლიდან არსებობს, როცა ავღანეთის საამირო და ბრიტანეთის ინდოეთი საზღვრების დადგენაზე შეთანხმდნენ.
"წარმოსახვითი "დურანდის" ხაზის მეორე მხარეს, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით იერიში მივიტანეთ რამდენიმე წერტილზე, რომელიც გამოყენებული იყო როგორც სამალავები და ცენტრები გარკვეული ბოროტი ელემენტებისა და მათი მხარდამჭერების მიერ, რომლებიც ავღანეთზე თავდასხმებს აორგანიზებენ." - ეწერა თალიბანის თავდაცვის სამინისტროში.
თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა განმარტების სახით ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად ასევე თქვა, რომ თალიბანი ტერიტორიას, რომელზეც იერიში მიიტანეს, პაკისტანის მიწებად არ თვლის.
არაა ცნობილი თალიბების საპასუხო იერიშის შედეგი.
პაკისტანის არმიას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. უცნობია თუ რა "ბოროტი ელემენტების" ჯგუფებზე მიიტანეს იერიში თალიბებმა. თალიბანი, ავღანეთში ძალაუფლების მოპოვების შემდეგ, დაპირისპირებულია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის ვილაიეთთან, შემოკლებით ISIS-K-სთან.
წარსულში პაკისტანის დაზვერვა თალიბანთან დაახლოებული იყო, თუმცა ამჟამად ქაბულსა და ისლამაბადს შორის გარკვეული უთანხმოებები არსებობს. პაკისტანისთვის ერთ-ერთი მგრძნობიარე საკითხი დაჯგუფება TTP არის, რომელიც მათ ტერიტორიაზე თავდასხმებს ასრულებს.





