აშშ-უნგრეთი

უოლცი: ორბანს რეგულარული კონტაქტი აქვს რუსეთთან და კარგი ურთიერთობა დონალდ ტრამპთან

AP Photo/Rod Lamkey

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომავალმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა CBS News-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ვიქტორ ორბანს, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რეგულარული კონტაქტი აქვს რუსეთთან და აშკარად კარგი ურთიერთობა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანაც.

ინტერვიუში უოლცმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ იმედი აქვს, "აღმოსაბვლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების გარკვეული შეწყვეტა მთელი მსოფლიოს სურვილი იქნება".

CBS News-ის ეთერში დასმულ შეკითხვას, იყო თუ არა ორბანის გზავნილი პუტინისადმი ტრამპთან შეხვედრის შედეგი, უოლცმა პირდაპირ არ უპასუხა. თუმცა მან კვლავ ხაზი გაუსვა, რომ "პრეზიდენტ ტრამპის მკაფიო სურვილია ეს ომი შეწყდეს".

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენ ვლადიმირ პუტინსა და უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს შორის 11 დეკემბერს ორბანის ინიციატივით სატელეფონო საუბარი შედგა. ქვეყნების ლიდერების საუბრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომს შეეხო. 

კრემლის თანახმად, ორბანმა "დასავლეთის რიგ ლიდერებთან თავისი კონტაქტების გათვალისწინებით, კრიზის მოგვარების დიპლომატიური გზების ძიებაში მონაწილეობის სურვილი გამოხატა".

თავის მხრივ, პუტინმა კიევის ამჟამინდელ პოზიციას დესტრუქციული კურსი უწოდა, რომელიც, მისი თქმით, კვლავ გამორიცხავს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.

ამასთან ერთად, 10 დეკემბერს ფლორიდაში მარ-ა-ლაგოში, ტრამპის რეზიდენციაში უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანსა და ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა გაიმართა.

კომენტარები