აშშ-უნგრეთი

უნგრეთის თქმით, აშშ-ს წნეხის მიუხედავად, ბუდაპეშტი ჩინეთთან ეკონომიკურ კავშირს არ შეასუსტებს

Pedro Pardo/AFP/Getty Images

უნგრეთის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ბუდაპეშტი ჩინეთთან ეკონომიკურ კავშირებს არ შეასუსტებს. როგორც Bloomberg წერს, მინისტრის განცხადება მკაფიო გზავნილია, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მთავრობა აშშ-ს ზეწოლას, შეამციროს ეკონომიკური თანამშრომლობა პეკინთან, არ დაემორჩილება. 

მარტონ ნაგიმ 28 აპრილს რეპორტიორებთან საუბრისას თქვა, რომ უნგრეთი ამერიკულ ინვესტიციებს ჩინური ინვესტიციების ჩამნაცვლებლად არ აღიქვამს. ერთ-ერთ დაბრკოლება კი არის ის, რომ აშშ-სა და უნგრეთს ჯერ კიდევ არ დაუდიათ ახალი ხელშეკრულება გადასახადების შესახებ, რომელიც წინა პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ბუდაპეშტთან შეწყვიტა. 

"ჩვენ ვერ ვხედავთ აშშ-ს ინვესტიციის პოტენციალს, რომელიც ჩინურის ეკვივალენტი იქნებოდა. ჩვენ ძალიან პრაგმატული პოზიცია გვაქვს". - თქვა ნაგიმ რეპორტიორებთან. 

როგორც Bloomberg წერს, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უნგრეთზე ზეწოლას ახდენს, რათა ჩინეთზე დამოკიდებულება შეამციროს მას შემდეგ, რაც აზიური ქვეყანა ბუდაპეშტის საკვანძო პარტნიორი გახდა, მათ შორის, ელექტრო ავტომობილებისა და ტელეკომუნიკაციების ინდუსტრიაში. 

გამოცემის ცნობით, ზეწოლას ადასტურებს ბუდაპეშტში აშშ-ს წარმომადგენლის, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, რობერტ პალადინოს სიტყვები, რომ ჩინეთი "სტრატეგიულ გამოწვევას" ქმნის, რაც დასავლური ქვეყნების "სიფხიზლეს, გამჭვირვალობასა და ერთობას" მოითხოვს. 

კომენტარები