აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს შესაძლებლობას გაათავისუფლოს უნგრეთი სანქციებისგან, რომელიც რუსული ნავთობის წინააღმდეგ არის მიღებული.
ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში, უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
"ჩვენ განვიხილავთ ამ ვარიანტს, იმიტომ რომ მას (ორბანს) ძალიან უჭირს სხვა რეგიონებიდან ნავთობისა და გაზის მიღება. როგორც იცით, მათ არ აქვთ ისეთი უპირატესობა, როგორიც ზღვაზე გასასვლელია". – თქვა ტრამპმა.
როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სანქციები და ენერგეტიკაა. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ლიდერები ვაჭრობასა და რუსეთ-უკრაინის ომს განიხილავენ.
შეხვედრის საჯარო ნაწილში ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ომი მალე დასრულდება.
მიმდინარე წლის ოქტომბერში აშშ-მ ნავთობის უმსხვილესი კომპანიების, ლუკოილისა და როსნეფტის წინააღმდეგ სანქციები მიიღო. რუსული კომპანიებისგან ნავთობის მყიდველებს მეორადი სანქციები ემუქრებათ.
უნგრეთი და სლოვაკეთი ევროკავშირის ბოლო ქვეყნებია, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ. უნგრეთის პრემიერი ცდილობს აშშ-მ მისი ქვეყნისთვის გამონაკლისი დაუშვას.
ტრამპისა და ორბანის შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, ნავთობისა და გაზის უმსხვილესმა უნგრულმა კომპანია MOL-მა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ჩანაცვლება სხვა წყაროებიდან შესაძლებელია.





