ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, აშშ უნგრეთს რუსულ ნავთობზე მეორადი სანქციებისგან 1-წლიან შეღავათს მისცემს.
ცნობისთვის, 7 ნოემბერს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ვაშინგტონში, თეთრ სახლში შეხვდნენ.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა მეორადი სანქციები და ენერგეტიკა იყო.
ტრამპმა შეხვედრის საჯარო ნაწილის მსვლელობისას განაცხადა, რომ განიხილავს შესაძლებლობას გაათავისუფლოს უნგრეთი სანქციებისგან, რომელიც რუსული ნავთობის წინააღმდეგ არის მიღებული.
8 ნოემბერს გამოცემა Bloomberg-მა უნგრეთის პრემიერმინისტრზე, ვიქტორ ორბანზე და აშშ-ს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ უნგრეთს რუსულ ნავთობზე მეორადი სანქციებისგან შეღავათს მისცემდა.
რუბიოს თქმით, ნავთობი, რომელსაც უნგრეთი რუსეთისგან ყიდულობს "მცირე ნაწილია იმის, რასაც რუსეთი ყიდის", ხოლო ენერგორესურსის დაკარგვა, უნგრეთისთვის "დესტაბილიზაციას გააღრმავებს"
"ეს ძალიან მცირე ნაწილია იმის, რასაც რუსეთი ყიდის - ასევე, მცირე ნაწილია რასაც უნგრეთი [რუსეთისგან] ყიდულობს და მისი [ენერგორესურსის] დაკარგვა, უნგრეთისთვის დესტაბილიზაციას გააღრმავებს". - თქვა რუბიომ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მიმდინარე წლის ოქტომბერში აშშ-მ ნავთობის უმსხვილესი კომპანიების, ლუკოილისა და როსნეფტის წინააღმდეგ სანქციები მიიღო. რუსული კომპანიებისგან ნავთობის მყიდველებს მეორადი სანქციები ემუქრებათ.
უნგრეთი და სლოვაკეთი ევროკავშირის ბოლო ქვეყნებია, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ. უნგრეთის პრემიერი ცდილობს აშშ-მ მისი ქვეყნისთვის გამონაკლისი დაუშვას.
ტრამპისა და ორბანის შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, ნავთობისა და გაზის უმსხვილესმა უნგრულმა კომპანია MOL-მა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ჩანაცვლება სხვა წყაროებიდან შესაძლებელია.





