ტელეარხი ABC News $15 მილიონს გადაიხდის აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან, სასამართლო დავის დასასრულებლად მიღწეული შეთანხმების ფარგლებში. ტრამპი ტელეარხს ედავებოდა, რომ წამყვანმა ჯორჯ სტეფანოპულოსმა მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური განცხადებები გაავრცელა.
შეთანხმების პირობების მიხედვით, თანხა "ტრამპის საპრეზიდენტო ფონდსა და მუზეუმში" გადაირიცხება, რომელიც ტრამპის მიერ ან მისთვის შეიქმნება.
ამასთანავე, ABC, ABC News და სტეფანოპულოსი ტრამპის ადვოკატებს დამატებით $1 მილიონს გადაუხდიან და სტატიაში ტრამპთან დაკავშირებული განცხადებების გამო დაამატებენ შენიშვნას, რომ ისინი "ნანობენ" ტრამპზე გაკეთებულ განცხადებებს.
ტრამპის ადვოკატებმა სტეფანოპულოსის წინააღმდეგ სარჩელი მას შემდეგ შეიტანეს, რაც მან რესპუბლიკელ კონგრესმენ ნენსი მეისთან ინტერვიუ ჩაწერა. ტრამპის გუნდი დავობდა, რომ წამყვანის მიერ გაკეთებული ზოგიერთი განცხადება "მცდარი და ცილისმწამებლური" იყო.
თავდაპირველ სარჩელში ტრამპის ადვოკატები დავობდნენ, რომ სტეფანოპულოსმა "ABC-ის ეთერში მოსარჩელის შესახებ განზრახ ან წინდაუხედავად გააკეთა რამდენიმე მცდარი და დამამცირებელი განცხადება".
ინტერვიუს დროს სტეფანოპულოსმა თქვა, რომ ტრამპი "ნაფიც მსაჯულებმა გაუპატიურებაში პასუხისმგებლად სცნეს". თუმცა, სამოქალაქო სასამართლომ ტრამპი ჯინ ქეროლზე სექსუალურ ძალადობაში, და არა მის გაუპატიურებაში, ცნო პასუხისმგებელ პირად.
საქმის ფარგლებში 9 ნაფიც მსაჯულმა "არა" მონიშნა კითხვაზე, დაამტკიცა თუ არა ქეროლმა "წონადი მტკიცებულების სტანდარტით," რომ "ტრამპმა ქეროლი გააუპატიურა".
ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მწერალმა ჯინ ქეროლმა სამოქალაქო საქმეზე მას შემდეგ უჩივლა, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა 1990-იან წლებში ქეროლის სექსუალური შევიწროების ბრალდება უარყო.
შედეგად, ქეროლი მას ცილისწამებასა და ფიზიკური ზიანის მიყენებაში შეედავა. სასამართლომ 2023 წლის მაისში ორივე ბრალეულობაში მოსარჩელის მხარე დაიკავა და ტრამპს დაზარალებულისთვის $5 მილიონის გადახდა დააკისრა.
მოგვიანებით კი ცილისწამების მეორე საქმეზე, 2024 წლის იანვარში სასამართლომ, სასამართლომ ტრამპს ქეროლისთვის დამატებით $83.3 მილიონის გადახდა უბრძანა.





