ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

შენობების ბლოკირება და გზის "ხელოვნურად გადაკეტვა" 5 000 ლარით დაჯარიმდება

ლუკა ახალაია/ტაბულა

შეკრებებისა და მანიფესტაციების რამდენიმე ნორმის დარღვევისთვის ჯარიმა 500 ლარიდან 5 000 ლარამდე იზრდება, ხოლო ორგანიზატორების შემთხვევაში 5 000 ლარიდან - 15 000 ლარამდე. ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის, რომელიც ერთპარტიულმა პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ორი მოსმენით მიიღო.

კერძოდ, ჯარიმა 5 000 და ორგანიზატორების შემთხვევაში, 15 000 ლარამდე იზრდება შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-9, მე-11 და მე-11 პრიმა მუხლით (გარდა მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებული ნორმების დარღვევისას. რაც შეეხება კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის "ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტებს, მათი დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“;

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მეცხრე მუხლის მიხედვით

1. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება შემდეგ შენობებში და მათი შესასვლელებიდან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე: ა) საქართველოს პროკურატურის, პოლიციის, პენიტენციური დაწესებულებებისა და სამართალდამცავი ორგანოების შენობები; ბ) რკინიგზის სადგურები, აეროპორტები, პორტები. 

​1. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში და მისგან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე.

2. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სამხედრო ნაწილებსა და ობიექტებში და მათი შესასვლელებიდან ასიმეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე.

3. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალებისა და რკინიგზის ბლოკირება.

4 . ადმინისტრაციული ორგანო, რომლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზედაც ტარდება შეკრება ან მანიფესტაცია, შენობის ბლოკირებისა და დაწესებულების საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვა შეკრების ან მანიფესტაციის შენობიდან მოშორებით ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არა უმეტეს ოცი მეტრისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული გარემოებისა და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით, ისე, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების არსი  არ იყოს უგულებელყოფილი.

5. სასამართლო, რომლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზედაც ტარდება შეკრება ან მანიფესტაცია, შენობის ბლოკირების, დაწესებულების საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის მიზნით უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვა შეკრების ან მანიფესტაციის შენობიდან მოშორებით ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არა უმეტეს ოცი მეტრისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული გარემოებისა და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით, ისე, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების არსი არ იყოსუგულებელყოფილი.

6. დაუშვებელია საჯაროდ ისეთი შეკრება ან/და ისეთი მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ამ პუნქტის მიზნებისთვის ტერმინი „პოპულარიზაცია“ განიმარტება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

იმავე კანონის მეთერთმეტე მუხლის თანახმად:

  1. დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისას და ჩატარებისას მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისაკენ ან ძალადობით შეცვლისაკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ან ისეთი მოწოდება, რომელიც არის ომისა და ძალადობის პროპაგანდა, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ქმნის ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.
  2. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ: ა) იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი; ბ) იქონიონ ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც  გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით; გ) იქონიონ ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/ და მომწამვლელი ნივთიერება; დ) იქონიონ ალკოჰოლიანი სასმელები; ე ) განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისათვის, მათ შორის, დაარღვიონ ამ კანონის 11​1  მუხლის მოთხოვნები .
  3. დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის მიმდინარეობისას ისტორიული, არქეოლოგიური, არქიტექტურული ან/და სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობის, ძეგლის, მემორიალის ბლოკირება, ვიზუალური მხარის დამახინჯება, დაზიანება ან/და  სხვაგვარი ხელყოფა.

იმავე კანონის მეთერთმეტე პრიმა მუხლის თანახმად:

1. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია. როდესაც მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო არ ახორციელებს ან ვერ ახორციელებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შეუძლებელია და დაცულია ამ კანონით დადგენილი ყველა წესი.   

3. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან საქართველოს მთავრობა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული გარემოებისა და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.

4. დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციისმონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის  ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა.

5. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და ტრანსპორტის სავალი ალტერნატიული მარშრუტის განსაზღვრა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების ავტორები არიან ნინო წილოსანი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

კომენტარები