ქალაქის იერსახე

"ტერიტორიის იერსახის დაზიანებისთვის" ჯარიმა ოცმაგდება, თბილისში - ხუთმაგდება

ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის შემდეგ, 2024 წლის 21 თებერვალი
საქართველოს პარლამენტი

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმა 50 ლარიდან 1 000 ლარამდე იზრდება. განმეორებითი სასჯელი - 500 ლარის ნაცვლად, 2 000-ლარიანი ჯარიმა იქნება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების ავტორები არიან ნინო წილოსანი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი და გურამ მაჭარაშვილი. ერთპარტიულმა პარლამენტმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით ორი მოსმენით უკვე მიიღო.

"სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით" - წერია დოკუმენტში.

ამასთან, "სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე", აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, 500 ლარის ნაცვლად, 2 000 ლარით დაჯარიმდება.

"ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით" - წერია დოკუმენტში.

რაც შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტს, აქამდე 200-ლარიანი ჯარიმით ისჯებოდა დედაქალაქის "იერსახის დამახინჯება" (სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილებზე, პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება). დაგეგმილი ცვლილებებით, ჯარიმა 1000 ლარი იქნება. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა კი - 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

"ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილებზე, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით" - წერია პროექტში.

ასევე, იცვლება ვანდალიზმის მუხლი. კერძოდ, "მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის/ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის, საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის, განზრახ დაზიანება ან განადგურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით".

აქამდე სასჯელი 300-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებდა. განმეორებითი სამართალდარღვევა გამოიწვევს 500 ლარის ნაცვლად 2 000-ლარიან ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღემდე ვადით.

კომენტარები