ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

TV პირველის ჯგუფზე თავდასხმა შიშს იწვევს, რომ პროცესი უმართავი გახდება - საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო

მიმდინარე საპროტესტო აქციების და TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის შესახებ საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. მართლმადიდებელი ეკლესია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და სახელმწიფოებრივი სტრუქტურის წარმომადგენლებს, "დაუყოვნებლივ გამოიძიონ და ალაგმონ" მსგავსი ქმედებები.

"სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ვითარება კვლავ დაძაბულია. გუშინ საღამოს ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორზე უცნობი პირების თავდასხმა საფუძვლიან შიშს იწვევს, რომ პროცესი უმართავი გახდება და მსგავსი ძალადობრივი ქმედებები გახშირდება.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეკლესიისთვის მიუღებელია ძალადობა და აგრესია, ის არაჯანსაღი პროცესები და ქმედებები, რომლებიც იწვევს საზოგადოების მხარეებად გახლეჩას და დაპირისპირებას.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და სახელმწიფოებრივი სტრუქტურის წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ და ალაგმონ მსგავსი ქმედებები ქვეყანაში. ცხადად ვდგავართ სერიოზული საზოგადოებრივი დაპირისპირების წინაშე, ამიტომ სასწრაფოდ მიღებულ უნდა იქნეს გადამწყვეტი ზომები ქვეყანაში მშვიდობიანი პროცესის ხელშესაწყობად.

მივმართავთ საზოგადოების ყველა წევრს, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა და შეხედულებისა, არ აჰყვნენ პროვოკაციას, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და კეთილგონიერება.

გავუფრთხილდეთ თანამოქალაქეებს და ამ რთულ დღეებში განსაკუთრებულად გავაძლიეროთ ლოცვა მშვიდობისა და ერთობისათვის!

"უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით" (ფს. 28, 11)" - ნათქვამია განცხადებაში.

7 დეკემბერს, აქციის მიმდინარეობისას ბესიკის ქუჩაზე ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფს ივანიშვილის ტიტუშკები პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ. ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორს, გიორგი შეწირულს სხეულისა და სახის დაზიანებები აქვთ. ამასთან ერთად, ვიდეოში ჩანს, რომ წაქცეულ გიორგი შეწირულს ტიტუშკების ჯგუფი ფეხებს ურტყამს.

"მიკროფონი წაიღეს, კამერა წაიღეს, ორივეს გვირტყეს, გვეძახდნენ, რას აშუქებთ თქვე ბო*ებო? პატრული აქ იდგა, ამ ადგილას და აქ მოხდა შემთხვევა. რეაგირება არ მოახერხეს, უბრალოდ წავიდნენ. დაგვესხნენ თავს, გვირტყეს, მაროდიორები არიან შავი ნიღბებით." - ამბობს ჩიხლაძე. ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, ტიტუშკებმა წაიღეს აპარატურაც. ჩიხლაძე და შეწირული ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

გარდა ამისა, ივანიშვილის ნიღბიანი ტიტუშკები შევარდნენ "კოალიცია ცვლილებისთვის" ოფისში და სცემეს რამდენიმე ადამიანს, მათ შორის კობა ხაბაზს. ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ მსახიობ გიორგი მახარაძეს.

კომენტარები