საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ის ცნობით, სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა, კიმ იონგ-ჰიონმა პრეზიდენტი იუნ სუკ იოლის მიერ საომარი მდგომარეობის დაწესების მცდელობისა და საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევის გამო ბოდიში მოიხადა და თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.
"პრეზიდენტს გადადგომის მზადყოფნა გამოვუცხადე და სრული პასუხისმგებლობა ავიღე საგანგებო სამხედრო მდგომარეობით გამოწვეულ ყველანაირ არეულობაზე".-თქვა ჟურნალისტებისთვის გაგზავნილ განცხადებაში კიმ იონგ-ჰიონმა.
3 დეკემბერს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. იუნ სოკ იოლმა გადაწყვეტილების მიზეზად ოპოზიციის მიერ "ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და გადატრიალების მცდელობის დაგეგმვა" დაასახელა.
"სამხედრო მდგომარეობის მიზანი პრო-ჩრდილოკორეული ძალების ამოძირკვა და თავისუფლების კონსტიტუციური წესრიგის დაცვაა" – თქვა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვაში.
იოლის თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო პროცესი "მძევლად აიყვანეს" და მათ ქვეყნის კრიზისში ჩათრევა სურთ.
ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტში მხარი არ დაუჭირა მთავრობის ბიუჯეტის წარმოდგენილ დოკუმენტს და მისი მკვეთრად შემცირება მოითხოვა. ასევე, პარტიამ სახელმწიფო აუდიტისა და გენერალური პროკურორის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა.
კორეული მედიის ცნობით, სეულში, პარლამენტის შენობის შესასვლელი უკვე ჩაკეტეს. დემოკრატიული პარტიის ლიდერმა და ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, ი ჯე მიონგმა მოსახლეობას უკვე მიმართა და მათ პარლამენტის შენობასთან მისვლისკენ მოუწოდა.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სოკ იოლმა ქვეყანაში წინა დღით გამოცხადებული სამხედრო მდგომარეობა 4 დეკემბრის გამთენიისას გააუქმა.
4 დეკემბერს სამხრეთ კორეის ეროვნულ ასამბლეაში ექვსივე ოპოზიციურმა პარტიამ ქვეყნის პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტის დაწყებაზე განცხადება წარადგინა.
გამოცემის Yonhap-ის ცნობით, კანონპროექტი ეროვნული ასამბლეის სესიაზე 5 დეკემბერს განიხილება, კენჭისყრა კი მომდევნო დღეებში, 6 ან 7 დეკემბერს შედეგება.