საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ის მიხედვით, სამხრეთ კორეის ეროვნულ ასამბლეაში ექვსივე ოპოზიციურმა პარტიამ ქვეყნის პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტის დაწყებაზე განცხადება წარადგინა.
გამოცემის ცნობით, კანონპროექტი ეროვნული ასამბლეის სესიაზე ხვალ, 5 დეკემბერს, განიხილება, კენჭისყრა კი მომდევნო დღეებში, 6 ან 7 დეკემბერს შედეგება.
მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, დემოკრატიულმა პარტიამ, პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა და თქვა, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას იმპიჩმენტის პროცესის გავლა მოუწევს.
"მთელი ერის წინაშე ცხადად გამომჟღავნდა, რომ პრეზიდენტ იუნს ქვეყნის ნორმალურად მართვა აღარ შეუძლია. უნდა გადადგეს". - თქვა დემოკრატიული პარტიის დეპუტატმა, პარკ ჩან-დაემ.
სამხრ. კორეის ოპოზიციამ ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის მიერ სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებისა და გაუქმების ფონზე მიიღო. იოლის ნაბიჯებს პოლიტიკოსების მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სოკ იოლმა ქვეყანაში წინა დღით გამოცხადებული სამხედრო მდგომარეობა 4 დეკემბრის გამთენიისას გააუქმა.
3 დეკემბერს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. იუნ სოკ იოლმა გადაწყვეტილების მიზეზად ოპოზიციის მიერ "ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და გადატრიალების მცდელობის დაგეგმვა" დაასახელა.
"სამხედრო მდგომარეობის მიზანი პრო-ჩრდილოკორეული ძალების ამოძირკვა და თავისუფლების კონსტიტუციური წესრიგის დაცვაა" – თქვა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვაში.
იოლის თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო პროცესი "მძევლად აიყვანეს" და მათ ქვეყნის კრიზისში ჩათრევა სურთ.
ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტში მხარი არ დაუჭირა მთავრობის ბიუჯეტის წარმოდგენილ დოკუმენტს და მისი მკვეთრად შემცირება მოითხოვა. ასევე, პარტიამ სახელმწიფო აუდიტისა და გენერალური პროკურორის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა.
კორეული მედიის ცნობით, სეულში, პარლამენტის შენობის შესასვლელი უკვე ჩაკეტეს. დემოკრატიული პარტიის ლიდერმა და ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, ი ჯე მიონგმა მოსახლეობას უკვე მიმართა და მათ პარლამენტის შენობასთან მისვლისკენ მოუწოდა.