სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა სამხედრო მდგომარეობა გააუქმა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სოკ იოლმა ქვეყანაში წინა დღით გამოცხადებული სამხედრო მდგომარეობა 4 დეკემბრის გამთენიისას გააუქმა.

იოლმა 3 დეკემბერს სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა და გადაწყვეტილების მიზეზად "პრო-ჩრდილოკორეული სიმპათიების მქონე" ოპოზიციის მიერ "ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და გადატრიალების მცდელობის დაგეგმვა" დაასახელა. 

თუმცა, როგორც ამას The Guardian წერს, ქვეყნის უახლეს ისტორიაში ყველაზე დაძაბული საათების შემდეგ, იოლმა განაცხადა, რომ ჯარები თავიანთ ყაზარმებში დაბრუნდებოდნენ და მინისტრთა კაბინეტის შემდეგ განკარგულება გაუქმდებოდა. 

"ცოტა ხნის წინ ეროვნული ასამბლეის მხრიდან გახმოვანდა მოთხოვნა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესახებ. ჩვენ გამოვიყვანეთ სამხედროები, რომლებიც განლაგებული იყვნენ სამხედრო მდგომარეობის [შესაბამისი] მოქმედებებისთვის. ჩვენ მივიღებთ ეროვნული ასამბლეის მოთხოვნას და გავაუქმებთ სამხედრო მდგომარეობას [მინისტრთა] კაბინეტის შეხვედრის შემდეგ". - სატელევიზიო ჩართვაში მიმართა პრეზიდენტმა სამხრეთ კორეის მოსახლეობას. 

მინისტრთა კაბინეტმა შეხვედრის დასრულებიდან მალევე დაამტკიცა შუამდგომლობა ბრძანების გაუქმების შესახებ. გადაწყვეტილებამ, The Guardian-ის ცნობით, პარლამენტთან შეკრებილი დემონსტრანტების სიხარული გამოიწვია, რომლებიც სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას ღამის საათებში აპროტესტებდნენ. 


3 დეკემბერს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. იუნ სოკ იოლმა გადაწყვეტილების მიზეზად ოპოზიციის მიერ "ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და გადატრიალების მცდელობის დაგეგმვა" დაასახელა. 

"სამხედრო მდგომარეობის მიზანი პრო-ჩრდილოკორეული ძალების ამოძირკვა და თავისუფლების კონსტიტუციური წესრიგის დაცვაა" – თქვა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვაში. 

იოლის თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო პროცესი "მძევლად აიყვანეს" და მათ ქვეყნის კრიზისში ჩათრევა სურთ. 

ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტში მხარი არ დაუჭირა მთავრობის ბიუჯეტის წარმოდგენილ დოკუმენტს და მისი მკვეთრად შემცირება მოითხოვა. ასევე, პარტიამ სახელმწიფო აუდიტისა და გენერალური პროკურორის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა. 

კორეული მედიის ცნობით, სეულში, პარლამენტის შენობის შესასვლელი უკვე ჩაკეტეს. დემოკრატიული პარტიის ლიდერმა და ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, ი ჯე მიონგმა მოსახლეობას უკვე მიმართა და მათ პარლამენტის შენობასთან მისვლისკენ მოუწოდა. 

კომენტარები