ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აქციაზე დაშავებულ 21 წლის ბიჭზე ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას სამკურნალოდ უცხოეთში გადაიყვანენ.
"მინდა, დავამშვიდო ყველა, უპირველეს ყოვლისა, პაციენტის გულშემატკივრები და ახლობლები, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს აქციაზე დაშავებული ბიჭის სამკურნალოდ. თუ უცხოეთში გადაყვანის საჭიროება იქნება, სახელმწიფო სრულად აიღებს პასუხისმგებლობას...
არავითარი საჭიროება, რასაც სახელმწიფო ვერ გასწვდება და ვერ შეძლებს, დღის წესრიგში არ დგას.“ - ამბობს სარჯველაძე.
ინგოროყვას კლინიკის ექიმის, ნინო თირქიას თქმით, აქციაზე დაშავებულ 21 წლის ბიჭს სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლისა და თვალბუდის მოტეხილობა და თავის ტვინში ტრავმული სისხლჩაქცევები ჰქონდა, მას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა და ამ დროისთვის რეანიმაციაში რჩება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 21 წლის ახალგაზრდას სახეში სავარაუდოდ ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა.
"პაციენტი, 21 წლის, მიღებულია სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლის და თვალბუდის ზედა კიდის კედლის მოტეხილობით, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით, შესაბამისად, თვალის კაკლების მთლიანობა ტრავმული დაზიანების გარეშე ამ მომენტისათვის შენახულია. თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევით, დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში, ჩაუტარდა დაზიანებული ფრაგმენტების ამოკვეთა.
პაციენტი ყვება, რომ მას ჰქონდა ბლაგვი საგნით ტრავმა, თუმცა შემდეგ დაკარგა გონება და ვერ აკონკრეტებს დეტალებს.
ამ მომენტისათვის პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური, სტაბილური პარამეტრებით აგრძელებს რეანიმაციაში მკურნალობას, ჩაუტარდა განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფია უარყოფითი დინამიკის გარეშე", - ამბობს ექიმი ნინო ხარაიშვილი.
როგორც დაშავებულის ახლობელი ამბობს, ახალგაზრდა კაცის, გარდა ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა მის მეგობარ გოგოსაც.
"ბებიას დაურეკა და უთხრა, რომ იყო ალყაში, ვერ გადიოდა, ამ საუბრის დროს მეგობარ გოგონასთან ერთად იყო, გოგონას მოხვდა ერთი კაფსულა ფეხში და მეორე კაფსულა გაისროლეს და მოხვდა ამას სახეში. წარბის არეში მოხვდა გაზის კაფსულა, მხედველობა არ აქვს დაზიანებული", - თქვა დაშავებულის ახლობელმა მთავარ არხთან.