რუსული რეჟიმი

რას ედავება გამოძიება სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძეს?

უჩა აბაშიძე
კადრი უჩა აბაშიძის ვიდეოდან  

უჩა აბაშიძეს და მის მეუღლეს, მარიამ იაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდათ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უჩა აბაშიძეს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასთან ერთად, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებასა და შენახვასაც ედავებიან.

როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ თქვა, გამოძიება ცდილობს დაამტკიცოს, რომ 9 მაისს დაკავებული სამხედრო ბლოგერი, უჩა აბაშიძე და მისი ცოლი, მარიამ იაშვილი ამ უკანასკნელთან ათობით პირის ინტიმურ კავშირს უკანონოდ იწერდნენ და ინახავდნენ. შსს-ს მტკიცებით, საქმეს ჰყავს მრავალი მსხვერპლი, მათ შორის, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები.

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის ფაქტებზე ბრალდება 2 პირს - უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს წარუდგინა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2019-დან 2024 წლამდე პერიოდში ასობით სხვადასხვა პირის სქესობრივი კავშირის ამსახველი ათასობით ვიდეო-აუდიო მასალის ჩაიწერა. მათივე ცნობით, გამოძიების მიერ უკვე იდენტიფიცირებულია რამდენიმე პირი, რომელთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ჩანაწერებიც უკანონოდ ინახებოდა ბრალდებულთა კომპიუტერულ ტექნიკასა და ელექტრონული ინფორმაციის შემნახველ მოწყობილობებში. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უ.ა.-მ და მ.ი.-მ, სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ სქესობრივი კავშირის ამსახველი ვიდეო-აუდიო ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების მიზნით, მ.ი.-ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში ფარულად დაამონტაჟეს ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობები, რომელთა საშუალებით მუდმივ რეჟიმში, ფარულად ხდებოდა მ.ი.-ს სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერა. 

ათეულობით ჩამწერი მოწყობილობა დამონტაჟებული იყო საცხოვრებელი ბინის ოთახებში, მათ შორის, საძინებელში და ფარულად იყო განთავსებული სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ნივთებში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მ.ი.-ს საკონტაქტო მონაცემები სექსუალური მომსახურების სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე იყო გამოქვეყნებული, სადაც მისი მხრიდან სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდებოდა. მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირთან მოხდებოდა შეთანხმება და იგი მივიდოდა ზემოხსენებულ ბინაში, ბრალდებულები, აღნიშნული პირისგან მალულად, სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად, უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს. 

აღნიშნული გზით, 2019 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში, განხორციელდა ასობით სხვადასხვა პირის სქესობრივი კავშირის ამსახველი ათასობით ვიდეო-აუდიო მასალის ჩაწერა. გამოძიების მიერ უკვე იდენტიფიცირებულია რამდენიმე პირი, რომელთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ჩანაწერებიც უკანონოდ ინახებოდა ბრალდებულთა კომპიუტერულ ტექნიკასა და ელექტრონული ინფორმაციის შემნახველ მოწყობილობებში. აღნიშნულ პირებს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ" - წერია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის დღევანდელ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უჩა აბაშიძე სახლში მართსაწინააღმდეგოდ ინახავდა სამხედრო სპეციალური დანიშნულების 30 ვაზნას. მას ბრალი 236-ე მუხლის მესამე ნაწილითაც წარედგინა, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. 

იმ შემთხვევაში, თუ უჩა აბაშიძეს ბრალი დაუდასტურდება, დანაშაული 4-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

"ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157¹-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) წარედგინა, ერთ-ერთ მათგანს კი ასევე 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა). დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - წერია პროკურატურის განცხადებაში

იქამდე, 9 მაისს სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძის დაკავების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია რამდენიმე იარაღის ფოტო. ფოტოზე, მათი მტკიცებით, დაკავებული პირის სახლიდან ამოღებული ნივთები ჩანს.

შსს-ს მიერ გავრცელებულ ფოტოში ჩანს სულ მცირე ორი შაშხანა და თოფი, რომელზეც დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ რეალური ცეცხლსასროლი იარაღია. 

თუმცა ფოტოებში ჩანს ტაქტიკური თამაში Airsoft-ისთვის განკუთვნილი სათამაშო შაშხანებიც, რომლებიც, ერთი შეხედვით, ძალიან ჰგავს რეალურ ცეცხლსასროლ იარაღს. თუმცა ჩანს ელექტროსადენები, რომლებიც სათამაშო იარაღის მექანიზმისთვისაა საჭირო. ფოტოში ჩანს ამავე თამაშისთვის განკუთვნილი პატარა თეთრი ბურთის ფორმის ტყვიები. 

ბლოგერი უჩა აბაშიძის ერთ-ერთი ჰობი სწორედ ეს ტაქტიკური თამაში არის.

სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე პოლიციელებმა სახლიდან რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ გაიყვანეს. ადვოკატებს საგამოძიებო მოქმედებების უდიდესი დროის განმავლობაში ადგილზე არ უშვებდნენ.

სამხედრო ბლოგერის, უჩა აბაშიძის ცოლი, მარიამ იაშვილი 11 მაისს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სხვადასხვა სამთავრობო უწყების ვებგვერდზებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა აბაშიძის #22 ნომერში, საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. 

უჩა აბაშიძე დააკავეს სიხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს.

დაკავებამდე პოლიციელებმა ბლოგერის სახლიდან ნივთები გაიტანეს.

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, უჩა აბაშიძე ძალოვანთა მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეირაცხყოფაზე საუბრობს. ომბუდსმენის წარმომადგენელი აბაშიძეს შეხვდა. აპარატის ინფორმაციით, სამხედრო ბლოგერი სახლის ჩხრეკის პერიოდში სისტემატურად ითხოვდა ადვოკატის შეშვებას, თუმცა უშედეგოდ.

კომენტარები