დონალდ ტრამპი

ტრამპმა ტრუდოს ხუმრობით შესთავაზა, რომ კანადა 51-ე შტატი გახდეს, ხოლო ტრუდო - გუბერნატორი

კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო და აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერმინისტრს ჯასტინ ტრუდოს შეხვედრისას შესთავაზა, რომ თუკი სავაჭრო დეფიციტისა და საიმიგრაციო საკითხების უგულებელყოფის გამო ამერიკის მხრიდან დაწესებული ტარიფები კანადას ძლიერ ზიანს მიაყენებს, მაშინ კანადას შეუძლია, აშშ-ს 51-ე შტატი გახდეს, ტრუდო კი - მისი გუბერნატორი.

ტრამპი თავის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ტრუდოს მას შემდეგ შეხვდა, რაც იგი კანადურ პროდუქციაზე მწვავე ტარიფების დაწესებით დაიმუქრა. კერძოდ, ტრამპი კანადისა და მექსიკისთვის 20%-იანი ტარიფის დაწესებით იმუქრება, რადგან მათ აშშ-ში არალეგალური იმიგრაციისა და არალეგალური ნარკოტიკების ნაკადები ვერ შეაკავეს.

Fox News-თან ორმა პირმა, რომლებმაც ტრამპსა და ტრუდოს შორის საუბარი მოისმინეს, განაცხადეს, რომ მეგობრული საუბრის მიუხედავად, ტრამპი ძალზე პირდაპირი იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რა სურს მას კანადისგან.

წყაროების თქმით, ტრამპმა ტრუდოს უთხრა, რომ არალეგალური იმიგრაციისა და დიდი რაოდენობის ნარკოტიკების გაშვებით, კანადამ ვერ შეძლო აშშ-სთან საზღვრის დაცვა. შეხვედრაზე ტრამპი ასევე კანადასთან აშშ-ს სავაჭრო დეფიციტის საკითხსაც შეეხო, რაც მისი გათვლებით, $100 მილიარდს აღემატება.

არჩეულმა პრეზიდენტმა ტრუდოს უთხრა, რომ თუკი კანადა საზღვრის პრობლემებს ვერ მოაგვარებს, იგი თანამდებობის დაკავების პირველივე დღესვე ყველანაირ კანადურ პროდუქციაზე 25%-იან ტარიფს დააწესებს.

თავის მხრივ, კანადის პრემიერმა ტრამპს უთხრა, რომ მსგავსი ტარიფების დაწესება კანადის ეკონომიკას გაანადგურებდა, რაზეც ტრამპმა უპასუხა: "შენი ქვეყანა ვერ გადარჩება, თუკი აშშ-ს $100 მილიარდის ოდენობით არ გაძარცვავს?"

Fox News-ის ინფორმაციით, ამის შემდეგ ტრამპმა ტრუდოს შესთავაზა, რომ კანადა აშშ-ს 51-ე შტატი გახდეს, რასაც, ტელეარხის წყაროების თქმით, ოთახში ნერვიული სიცილი მოჰყვა. ტრამპმა დაამატა, რომ პრემიერმინისტრი უკეთესი ტიტულია, თუმცა, ტრუდოს უთხრა, რომ მას მაინც შეუძლია 51-ე შტატის გუბერნატორი იყოს.

წყაროების მიხედვით, ტრამპის ხუმრობის შემდეგ მაგიდასთან მყოფმა ერთ-ერთმა პირმა ტრამპს ურჩია, რომ კანადა ძალზე ლიბერალური შტატი იქნებოდა, რასაც უფრო მეტი სიცილი მოჰყვა. შეხვედრასთან დაკავშირებით წყაროებმა თქვეს, რომ ტრამპმა ტრუდოს თავისი გზავნილი გადასცა, რომ იგი ცვლილებებს 20 იანვრისთვის მოელის.

შეხვედრა თითქმის სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა, რის შემდეგაც კანადელმა სტუმრებმა ვახშამს "ძალიან მეგობრული და პოზიტიური" უწოდეს.

კომენტარები