შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.
"პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, წინა დღეების მსგავსად, აქციის მონაწილე გარკვეული ჯგუფების მხრიდან მალევე დაფიქსირდა ძალადობრივი ქმედებები, რაც გამოიხატება პარლამენტის წინა შესასვლელთან განლაგებულ საპოლიციო ძალებთან დაპირისპირებაში.
კერძოდ, მოძალადე ჯგუფის წევრები პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისვრიან - ქვებს, შუშის ბოთლებსა და პიროტექნიკას.
ამასთან, სხვადასხვა მედიის მეშვეობით, აშკარად ჩანდა, რომ აქციის მონაწილეები აღჭურვილები არიან სხვადასხვა აკრძალული ნივთებით, რომელსაც აქტიურად იყენებენ პოლიციის წინააღმდეგ.
შსს-მ აქციის დაწყებისთანავე გაავრცელა შესაბამისი მოწოდება ორგანიზატორებისა და აქციის მონაწილეების მიმართ, შეკრება მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს.
მიუხედავად სამინისტროს მოწოდებისა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მოძალადე ჯგუფის წევრების მიმართ გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს, რათა გაათავისუფლოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია". - წერია შსს-ს განცხადებაში.
ამ წუთებში პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მე-5 დღეა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები აპროტესტებენ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანება 4 წლით შეაჩერა.





