აქციაზე დაკავებული და ნაცემი მოქალაქე თბილისის საქალაქო სასამართლოდან კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას ორგანიზაცია უფლებები საქართველო ავრცელებს. მათივე ცნობით, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, დაკავებულის სასამართლო პროცესი 2 დეკემბრის 00:30 წუთამდე მიმდინარეობდა.
"ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოდან სასწრაფო დახმარების მანქანას ღუდუშაურის კლინიკაში გადაჰყავს აქციაზე დაკავებული და ნაცემი ა.ტ. რომლის ინტერესებსაც "უფლებები საქართველო" იცავს.
დაკავებულმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჰქონდა თავის ტკივილი, თუმცა იზოლატორის თანამშრომლები გულგრილად მოეკიდნენ მის ჩივილებს და არ უზრუნველყვეს მისი კლინიკაში გადაყვანა.
ა.ტ.-ს სასამართლო პროცესი 2 დეკემბრის 00:30 წუთამდე მიმდინარეობდა და სასამართლომ არასამუშაო საათებისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად სხდომა არ გადადო, სანამ ა.ტ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესდა", - ნათქვამია განცხადებაში.
მოქალაქე 30 ნოემბერს, აქციის ძალადობრივად დაშლის დროს დააკავეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში ნაცემი გადაიყვანეს.