ერთი თვე გავიდა არჩევნებიდან. სად ვართ და რას ვაკეთებთ ?
არჩევნები გაყალბდა, არ ჩატარდა თავისუფალ და სამართლიან გარემოში.
გაყალბების მთავარი მტკიცებულება ცესკომ, პროკურატურამ და სასამართლომ მძევლად აიყვანა.
არჩევნების შედეგები არ ცნო არც ერთმა დემოკრატიულმა ქვეყანამ.
ოდირის შუალედური დასკვნა უკვე იმაზე გაცილებით მძიმეა, ვიდრე ყველა წინამორბედი.
ერთადერთმა დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა - პრეზიდენტმა უარი თქვა არალეგიტიმური პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნაზე და არჩევნების შედეგები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
25 ნოემბერს შეიკრიბა არალეგიტიმური პარლამენტი, რომელმაც ცნო დეპუტატების უფლებამოსილება (ამის უფლება საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე არ ჰქონდა) და აირჩია პარლამენტის თავმჯდომარე.
არალეგიტიმური პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრო ოპოზიცია და დიპლომატიური კორპუსი. ესწრებოდნენ მხოლოდ არჩევნების გაყალბებაზე პასუხისმგებელი პირები (ცესკო, სუსი, ივანიშვილის მოსამართლეები, სახალხო დამცველი და ა.შ.).
ამ არალეგიტიმური პარლამენტის თვითგამოცხადებულმა დეპუტატებმა დღეს ნდობა უნდა გამოუცხადონ მთავრობას და 29 დეკემბერს აირჩიონ პრეზიდენტი.
ვინაიდან პარლამენტი არალეგიტიმურია, არალეგიტიმურია მის მიერ ნდობაგამოცხადებული მთავრობა და არჩეული პრეზიდენტი. ამ პარლამენტის, მთავრობის და პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება, მიღებული კანონი, დადგენილება, ბრძანებულება და ა.შ. არის უკანონო.
ამ ფონზე,
პირველი რიგის ამოცანაა პარლამენტის, მთავრობის და პრეზიდენტის არალეგიტიმურობის საბოლოოდ გაფორმება. ამისთვის:
- მაქსიმალურად ვემუშავებით ოდირს საბოლოო შეფასებაზე გავლენის მოსახდენად;
- ვემუშავებით ბრიუსელს და აშშ-ს ისევე, როგორც ევროკავშირის დედაქალაქებს, რომ არ აღიარონ არჩევნები და არ გადადგან ნაბიჯი, რასაც ივანიშვილი შეეცდება შიგნით გაყიდოს, როგორც ლეგიტიმაცია (არ მიგვაჩნია სწორად სავიზო რეჟიმის გაუქმება და ამაზე ვმუშაობთ);
- ვემზადებით ევროკავშრის ტექნიკური მისიისთვის, რომელიც უახლოეს დღეებში ჩამოვა - მივალთ მტკიცებულებებით.
მეორე (რაც პირველის შემდეგი ეტაპია), რა თქმა უნდა, ახალი არჩევნები, კონკრეტული წინაპირობებით/დათმობებით:
- მინიმუმ - ახალი ცესკო, სუსი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, აუდიტის სამსახური, სახალხო დამცველი (მათი როლი განსაკუთრებული იყო გაყალბებაში). რა თქმა უნდა, კრიტიკულია პროკურატურა, შსს, სასამართლო და ა.შ. მაგრამ რეალისტურები რომ ვიყოთ, ეს შეიძლება იყოს ის მინიმუმი, რაც ივანიშვილმა შიდა და საერთაშორისო წნეხით უნდა დათმოს და მოკლე დროში გაკეთებადია. ახლა ვმუშაობთ ახალი არჩევნების წინაპირობების დეტლურ roadmap-ზე;
- მთელი ძალისხმევა უნდა მივმართოთ პარტნიორების დარწმუნებაში, რომ საარჩევნო გარემოს მარტო საარჩევნო კოდექსის რეფორმა არ ცვლის და რაც დღეს მივიღეთ, ბოლო 3 წლის განმავლობაში წარმოებული გაყალბების კომპლექსური პროცესის შედეგია.
ამის გარეშე არც მუნიციპალურ არჩევნებს ექნება აზრი.
საბოლოო ჯამში, ყველა ამ ნაბიჯის სტრატეგიული მიზანი არჩევნების მიმართ მოქალაქეების ნდობის დაბრუნება და არჩევნებისთვის პოლიტიკური ცვლილების ინსტრუმენტის როლის შენარჩუნებაა.
ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, კრიტიკულია თანმიმდევრულობა და არანაირი ლეგიტიმაცია "ოცნების“ არც პარლამენტს, არც მთავრობას, არც პრეზიდენტს.
მარტივია ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, არა! მაგრამ რეალისტურია, განსხვავებით იმ უტოპიური გეგმა-რიტუალებისგან თუ არშემდგარ-გადაფიქრებული ბლოკირებებისგან, რომლებიც მოკლევადიან პოლიტიკურ დივიდენდებს იძლევა და ადამიანებში დამატებით ფრუსტრაციას იწვევს. მომდევნო თვეების რეალობა ნამდვილად არ იქნება მიმზიდველი, მაგრამ თანმიმდევრული ნაბიჯებით საბოლოო შედეგზე გასვლა გარდაუვალია.





