დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

ვინ დაასახელა ტრამპმა რუსეთსა და უკრაინაში აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენლად?

კით კელოგი
 AP Photo

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყოფილი გენერალ-ლეიტენანტი კით კელოგი, რომელიც ტრამპის წინა ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შტაბის უფროსის თანამდებობას იკავებდა, რუსეთსა და უკრაინაში აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენლად წარადგინა

ტრამპმა ოფიციალურ განცხადებაში კელოგი შეაქო, ხაზი გაუსვა მის სამხედრო და ბიზნეს კარიერას და თქვა, რომ კელოგი "დასაწყისიდან მასთან ერთადაა". 

"ერთად, ჩვენ დავიცავთ მშვიდობას ძლიერების მეშვეობით და კვლავ დავუბრუნებთ ამერიკასა და მსოფლიოს უსაფრთხოებას!" - წერია ტრამპის განცხადებაში. 

რას ფიქრობს კელოგი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე?

კელოგი უკრაინის მხარდამჭერია. აგვისტოში ამერიკულ ტელეკომპანია Fox-თან საუბრისას მან უკრაინელების მიერ კურსკის ოლქში შეჭრას "გამჭრიახი" და "გაბედული" უწოდა. კელოგის თქმით, უკრაინელები ახლა "თავიანთი სუვერენობისთვის იბრძვიან და [აშშ] მათ ამაში უნდა დაეხმაროს". 

"ასე იბრძვი ომში - იბრძვი აგრესიულად. რაც უკრაინელებმა გააკეთეს, ძალიან გამჭრიახი და გაბედული იყო, როდესაც ისინი კურსკის რეგიონში შეიჭრნენ, ვინაიდან კურსკი სიმბოლურად ძალიან მნიშვნელოვანია რუსებისთვის. გავიხსენოთ - კურსკი მეორე მსოფლიო ომში ყველაზე საკვანძო მხარე იყო, რომელმაც სიტუაცია რუსების სასარგებლოდ და გერმანელების საწინააღმდეგოდ შემოატრიალა. შესაბამისად, როდესაც [უკრაინელები] კურსკში შევიდნენ, ამის რეალური მიზეზი არსებობდა და ეს მიზეზი გონივრული იყო. ისინი ტრადიციული ომიდან მანევრულ ომში გადავიდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენ მათ იარაღი უნდა მივაწოდოთ. რაც ჩვენ უკრაინელებს უნდა ვუთხრათ, არის ის, რომ "ჩვენ კიდევ უფრო მეტს [იარაღს] მოგცემთ", რათა მათ საშუალება მივცეთ, სულ მცირე, ომში [მტერთან] გათანაბრდნენ. შენ უბრალოდ ვერ მისცემ აგრესორს უფლებას, რომ იპოვოს თავშესაფარი [ომში] და ეს არის სწორედ ის, რისი უფლებაც ჩვენ [რუსეთს] მივეცით, როდესაც უკრაინას იარაღზე შეზღუდვები დავუწესეთ. ომში თავშესაფარი არ არსებობს და არც უნდა იყოს. ასე არ იბრძვიან ომებში". - თქვა კელოგმა Fox-თან საუბრისას.

ამავე ინტერვიუში კელოგმა ისაუბრა უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული შორი რადიუსის რაკეტებით იერიშების მიტანის მნიშვნელობაზეც. კელოგის თქმით, "უკრაინელები თავიანთი სუვერენიტეტისთვის იბრძვიან" და ამისთვის აშშ მათ რუსეთის ტერიტორიაზე შორი რადიუსის იარაღით დარტყმის ნებართვის მიცემით უნდა დაეხმაროს. 

"ეს ომი სამხედრო გამარჯვებით არ დასრულდება, ის მოლაპარაკებებით დასრულდება და ეს ორივე მხარემ იცის". - თქვა კელოგმა Fox-თან. 

ამასთან, კელოგს ხშირად გაუკრიტიკებია ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტისადმი მიდგომის გამო. კელოგი თვლის, რომ სწორედ ბაიდენის ადმინისტრაციის შეცდომებმა გამოიწვია ის მოცემულობა, რომ 2 წელზე მეტია, ომი ვერ სრულდება. 

"გაჭიანურებული კონფლიქტი უკრაინაში დიდწილად შეიძლება მივაწეროთ ბაიდენის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის წარუმატებლობას, რომელსაც ორ წელზე მეტია, ვერ გადაუწყვეტია და ვერ მიუღწევია [ომის] საბოლოოდ დასრულებას. 

ცოტა ხნის წინ პუტინმა განაცხადა, რომ მას [აშშ-ს] პრეზიდენტად ბაიდენი ურჩევნია, ვინაიდან ის ძალიან "პროგნოზირებადია". ეს მართალია. ბაიდენი მოსალოდნელად სუსტია და ყოყმანობს, როცა საქმე საგარეო პოლიტიკისადმი მიდგომას ეხება. კონკრეტულად უკრაინაში [ბაიდენის] პროგნოზირებადობა მიემართება მისი ადმინისტრაციის "რისკის თავიდან აცილების" ტენდენციას, რომელიც მათ მიერ უკრაინის ნაწილ-ნაწილ შეიარაღებასა და ამავდროულად იმ რწმენის ქონაში გამოიხატება, რომ უკრაინა ამ გზით რუსეთის წინააღმდეგ გადამწყვეტ სამხედრო გამარჯვებას მოიპოვებს. ეს მიდგომა არამხოლოდ წინააღმდეგობრივია, არამედ მისი დებულებები პირდაპირ უპირისპირდება ერთმანეთს. შედეგად, პუტინი ხვდება, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ოფისში ბაიდენის ყოფნით რუსეთს უკრაინაში საკუთარი მიზნების მიღწევა დიდი ალბათობით შეუძლია". - წერდა კელოგი 2024 წლის თებერვალში. 

ამავე მოსაზრების სვეტში კელოგი მოქმედი ადმინისტრაციის დიპლომატიასაც აკრიტიკებს. როგორც ის წერს, 2024 წლის თებერვალში ბაიდენის ადმინისტრაციამ შეცდომა დაუშვა, როდესაც უარყო პუტინის მოწოდება მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. კელოგი ამას ბაიდენის ადმინისტრაციის "ერთ-ერთ უდიდეს ჩავარდნას" უწოდებს. 

რაც შეეხება კელოგის მოსაზრებას კონფლიქტის გადაჭრის ტრამპისეულ სტრატეგიაზე, იგი თვლის, რომ აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის წარსული მოქმედებები, მისი ახლანდელი დაპირებებისადმი ნდობის საფუძველს გვაძლევს. როგორც კელოგი 2023 წლის სტატიაში What Donald Trump's Ukraine Strategy Could Look Like (როგორი შეიძლება იყოს ტრამპის უკრაინის სტრატეგია) წერს, განსხვავებით ბაიდენის სტრატეგიისა, რომელსაც მილიარდობით დოლარის ხარჯვით უკრაინა ბოლოს მაინც "სისხლიან და ბუნდოვან" ჩიხში შეჰყავს, ტრამპის სტრატეგიას მოცემულობის შეცვლა რეალურად შეუძლია. 

"ამის საპირისპიროდ, ექსკლუზიურად მის საჯარო განცხადებებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ტრამპის სრულიად განსხვავებული უკრაინის დოქტრინა აღმოვაჩინოთ. მას უთქვამს, რომ იგი ზელენსკისთან და პუტინთან თავის პირად ურთიერთობას კონფლიქტის "ერთ დღეში" მოგვარებისთვის გამოიყენებდა.  ეს ერთდღიანი ვადა შეიძლება ზედმეტად ამბიციურია, ვინაიდან არც პუტინს და არც ზელენსკის არ გამოუთქვამთ ინტერესი [ომის] მოლაპარაკებების გზით დასრულებაზე. როგორც ჩანს, ორივე მხარეს სჯერა, რომ მათ მაინც შეუძლიათ ბრძოლის ველზე გამარჯვება. 

თუმცა ტრამპის მიდგომას ამ გათვლების შეცვლა შეუძლია. ტრამპს უთქვამს: "მე ვეტყოდი პუტინს - თუ არ დადებთ გარიგებას, მაშინ ჩვენ უკრაინას, საჭიროების შემთხვევაში, იმაზე მეტს მივცემთ, ვიდრე მათ ოდესმე მიუღიათ". 

ტრამპის წარსული ქმედებები მეტყველებენ, რომ მისი ეს მუქარა სანდოა. [პრეზიდენტობის დროს] ტრამპმა აჩვენა, რომ მას სურს დაარღვიოს საზღვრები. [...] თუ პუტინი უარს იტყვის მოლაპარაკებებზე, ტრამპმა შეიძლება ბაიდენის მიერ იარაღზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოუხსნას უკრაინას და მიაწოდოს მას ის იარაღი, რომელიც გამარჯვებისთვის სჭირდება, მათ შორის, შორი რადიუსის იარაღი, რომლითაც [უკრაინა] რუსეთსა და ყირიმზე დარტყმას შეძლებს. თუ პუტინი ძვირადღირებული სამხედრო დამარცხების პერსპექტივის წინაშე აღმოჩნდება, ის დიდი ალბათობით მოლაპარაკებებს ამჯობინებს". - წერს კელოგი სტატიაში. 

კელოგის თქმით, საპირისპიროდ აშშ-ს რესპუბლიკელებში გავრცელებული პოპულარული მოსაზრებისა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი არამხოლოდ ევროპის, არამედ აშშ-ს საქმეცაა, რასაც, როგორც კელოგი წერს, ტრამპიც ეთანხმება. 

"ზოგიერთი რესპუბლიკელი ამტკიცებს, რომ უკრაინის კონფლიქტი ევროპის საკითხია, რომელსაც აშშ-სთვის შედეგების მოტანა არ შეუძლია. სტრატეგიულად, და ამას მისი საჯარო კომენტარებიც მოწმობენ, ტრამპი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. ის ომის დასრულებას ხედავს, როგორც საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზანს - რომლის შესრულებასაც იგი [პრეზიდენტობის] პირველივე დღიდან შეეცდება". - წერს კელოგი. 

კელოგმა Fox-თან 2023 წლის თებერვლის ინტერვიუში ასევე თქვა, რომ კონფლიქტის დასასრული შესაძლოა, უკრაინელების მიერ უკრაინის ტერიტორიიდან, მათ შორის, ოკუპირებული დონბასიდან და ყირიმიდან, რუსების გაძევება იყოს. 

"ვფიქრობ, საბოლოო ფაზა [უკრაინელების მიერ ქვეყნიდან] რუსების გაყრაა. ვფიქრობ, უკრაინელებს, თავიანთი მებრძოლი სულით, შეუძლიათ ამის გაკეთება, ვინაიდან, ჩემი აზრით, მათ რუსები, სულ მცირე, ჩიხში ჰყავთ მოქცეული. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიულად - თუ უკრაინელები რუსეთს დაამარცხებენ და [რუსებს] დონბასიდან და ყირიმიდან გააძევებენ, პუტინი დაეცემა და ეს ევროპას სამუდამოდ შეცვლის". - თქვა კელოგმა. 

კელოგი ტრამპის ყოფილ ადმინისტრაციაში თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შტაბის უფროსის თანამდებობას 2017-2021 წლებში იკავებდა. იგი ასევე იყო ტრამპის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. 

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით აშშ-ს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში სპეციალური წარმომადგენელი არ ჰყავს, გავრცელებული ცნობებით, ტრამპი ამ პოზიციის შექმნას აპირებს. 

Reuters-ის ცნობით, კელოგის გეგმა, რომლითაც იგი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას შეეცდება, აქტიური ფრონტის ხაზების გაყინვას და ამის შემდეგ მოლაპარაკების მაგიდასთან კიევისა და მოსკოვის დასმას მოიცავს.

რამდენიმე დღის წინ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტრამპი აღნიშნულ თანამდებობაზე  რიჩარდ გრენელის წარდგენას გეგმავდა

რა ვიცით ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის შემადგენლობის შესახებ

კომენტარები