დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

რა ვიცით ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის შემადგენლობის შესახებ

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

რა ვიცით ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის შემადგენლობის შესახებ

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, დონალდ ტრამპის დღის წესრიგში მთავარი საკითხი თეთრი სახლისა და კაბინეტის მთავარ თანამდებობებზე ადამიანების შერჩევაა, რათა 20 იანვარს, მისი ინაუგურაციის შემდეგ, ძალაუფლების გადაბარების პროცესი სათანადოდ, შეფერხებების გარეშე, შედგეს.

ტრამპმა მნიშვნელოვან თანამდებობებზე სანდო პირების დასახელება უკვე დაიწყო და 2016 წლის იგივე პერიოდისგან განსხვავებით იგი ამ პროცესში შედარებით სწრაფია.

ჯერჯერობით ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის შემადგენლობის მხოლოდ ნაწილია ცნობილი, თუმცა ეს სია მომდევნო დღეებში, ახალი პირების დასახელების პარალელურად, განახლდება.

მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი - ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი

ტრამპის თქმით, მის ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტიანობის ახალ დეპარტამენტს ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი უხელმძღვანელებენ.

ტრამპი ციტირებს მასკის სიტყვებს, რომ ”ეს შოკის ტალღებს გამოიწვევს სისტემაში უამრავი ადამიანისთვის, რომელიც მონაწილეობს სამთავრობო რესურსის ფლანგვაში". მათი მუშაობა დასრულდება არაუგვიანეს 2026 წლის 4 ივლისისა - წერს ტრამპი.

ჯანდაცვის მინისტრი - რობერტ ფ. კენედი უმცროსი

აშშ-ს ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დონალდ ტრამპმა რობერტ ფ. კენედი უმცროსი დაასახელა.

რობერტ ფრენსის კენედი უმცროსი აშშ-ს 35-ე პრეზიდენტის, ჯონ ფ. კენედის ძმისწულია. 2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში იგი საპრეზიდენტო კანდიდატად იღებდა მონაწილეობას, თუმცა აგვისტოში მან კანდიდატურა მოხსნა და მხარდაჭერა დონალდ ტრამპს გამოუცხადა.

ტრამპის საარჩევნო კამპანიების განმავლობაში კენედი ყოფილ პრეზიდენტის კანდიდატურას ღიად უჭერდა მხარს, რის გამოც ტრამპმა პირობა დადო, რომ იგი მომავალ ადმინისტრაციაში კენედის თანამდებობაზე დანიშნავდა

კენედი კოვიდპანდემიის პერიოდში სკეპტიკურად უყურებდა ვაქცინაციას და ხშირად გაუხმოვანებია ჯანდაცვის სფეროს გარშემო არსებული კონსპირაციული თეორიებიც. 

მისი წინასაარჩევნო კამპანია უცნაურ სკანდალებსაც მოიცავდა. მაისში მან თქვა, რომ 2010 წელს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რადგან მისი "ტვინის ნაწილი მატლმა შეჭამა", ხოლო აგვისტოში აღიარა, რომ 2014 წელს გზაზე ნაპოვნი მკვდარი დათვი ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში მიიტანა და დატოვა

ენერგეტიკის მინისტრი - კრის რაითი

ტრამპმა ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე ნავთობსაბადოების მომსახურების ერთ-ერთი მსხვილი ამერიკული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, კრის რაითი დაასახელა

იგი კომპანია Liberty Energy-ს აღმასრულებელი დირექტორია. როგორც ამას გამოცემა The Guardian წერს, ბევრი მოელის, რომ რაითი მხარს დაუჭერს ტრამპის გეგმას, მაქსიმალურ დონემდე გაიზარდოს აშშ-ში ბუნებრივი აირისა და ნავთობის მოპოვება და ელექტროენერგიის გენერირება.

გამოცემის ცნობითვე, სავარაუდოა, რომ რაითი ასევე გაიზიარებს ტრამპის პოზიციას კლიმატის ცვლილების მოსაგვარებლად გლობალური თანამშრომლობიდან გამოთიშვაზეც. 

რაითი სკეპტიკურადაა განწყობილი კლიმატის ცვლილების საკითხის მიმართ. 

"არ არსებობს კლიმატის კრიზისი და ჩვენ არც ენერგეტიკული გადასვლის პროცესში ვართ". - თქვა რაითმა გასულ წელს გამოქვეყნებულ ვიდეოში

ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი - კრისტი ნოემი

ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის თანამდებობისთვის დონალდ ტრამპმა სამხრეთ დაკოტის გუბერნატორი კრისტი ნოემი დაასახელა.

აღნიშნული თანამდებობა ტრამპის მიერ წინასაარჩევნოდ დაპირებული საიმიგრაციო პოლიტიკის გატარების მხრივ ძლიერ მნიშვნელოვანია. ახლად არჩეული პრეზიდენტის დაპირებაა, რომ ინაუგურაციის შემდეგ "ქვეყანაში არალეგალურად მყოფი მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას" დაიწყებს.

52 წლის ნოემი სამხრეთ დაკოტის პირველი ქალი გუბერნატორია, მანამდე იგი შტატის დონეზე კანონმდებელი და 4 წლით კონგრესმენი იყო. გუბერნატორად კრისტი ნოემი 2018 წელს აირჩიეს, ხოლო 2022 წლის არჩევნებში მან თანამდებობა მეორე ვადით მოიპოვა. 

სასაზღვრო კონტროლი - ტომ ჰომანი

ტრამპმა განაცხადა, რომ მის ადმინისტრაციაში სასაზღვრო კონტროლს ზედამხედველობას იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების (ICE) ყოფილი უფროსი, ტომ ჰომანი, გაუწევს.

ტრამპის მიერ შერქმეული ე.წ. "საზღვრის მეფის" თანამდებობაზე, რომელსაც სენატის თანხმობა არ სჭირდება, ჰომანი აშშ-ს სამხრეთ და ჩრდილოეთ საზღვრებზე იქნება პასუხისმგებელი, ისევე როგორც "ყველა სახის საზღვაო და საავიაციო უსაფრთხოებაზე".

ჰომანი, რომელიც ყოფილი პოლიციელი და სასაზღვრო პოლიციის აგენტია, 30-წლიანი სამუშაო გამოცდილების ფარგლებში 6 პრეზიდენტის ქვეშ მუშაობდა. პრეზიდენტი ობამას დროს იგი ICE-ის აღსრულებისა და დეპორტაციის ოპერაციების აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწე იყო. ობამას ადმინისტრაციის დროს ICE-ის მეშვეობით რეკორდული რაოდენობით დეპორტაცია მოხდა.

ჰომანი ხშირად აქებდა ტრამპს და ამბობდა, რომ საზღვრის უსაფრთხოებისთვის ტრამპმა ყველაზე მეტი გააკეთა. ჰომანის თქმით, როდესაც ტრამპი იანვარში პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნდება, იგი "უხელმძღვანელებს დეპორტაციის ყველაზე დიდ ოპერაციას, რომელიც ქვეყანას ოდესმე უნახავს".

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი - ჯონ რეტკლიფი

დონალდ ტრამპმა CIA-ის დირექტორის თანამდებობაზე ეროვნული დაზვერვის ყოფილი დირექტორი, ჯონ რეტკლიფი დაასახელა

რეტკლიფი ეროვნული დაზვერვის თანამდებობას 2020 წლის მაისიდან, 2021 წლის იანვარში, ტრამპის მიერ თეთრი სახლის დატოვებამდე იკავებდა. მას შემდეგ, ის კვლევითი ცენტრის "ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის თანათავმჯდომარე იყო. 

იგი ხისტი პოზიციებით გამოირჩევა ჩინეთის მიმართ. რეტკლიფი ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების მიმართ პოლიტიკის გამო. ივნისში გამოქვეყნებულ სტატიაში, ეროვნული დაზვერვის ყოფილმა დირექტორმა ბაიდენის ადმინისტრაცია გააკრიტიკა ისრაელისთვის იარაღის გადაცემის დაგვიანებისთვის და ამტკიცებდა, რომ ბაიდენს საკმარისად მკაცრ პოლიტიკას არ ატარებს ირანის მიმართ. 

ეროვნული დაზვერვის დირექტორი - ტულსი გაბარდი

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე ტულსი გაბარდს დანიშნავს, რომელიც დემოკრატიული პარტიის ყოფილი კონგრესმენი და ბაიდენის ადმინისტრაციის კრიტიკოსია.

მან დემოკრატიული პარტია 2022 წელს დატოვა და დამოუკიდებელი კონგრესმენი გახდა, თუმცა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს სიტყვის მიმართვისას გაბარდმა ტრამპს აცნობა, რომ იგი რესპუბლიკურ პარტიას უერთდება.

2019 წელს, როდესაც გაბარდმა საპრეზიდენტო პრაიმერში მონაწილეობა გადაწყვიტა, ჰილარი კლინტონმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ გაბარდზე რუსეთი გავლენის მოხდენას ცდილობდა, რათა გაბარდს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე პარტიის კანდიდატად მიეღო მონაწილეობა.

შინაგან საქმეთა მინისტრი - დაგ ბურგამი

ტრამპმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ჩრდილოეთ დაკოტას მეორე ვადით გუბერნატორი დაგ ბურგამი დაასახელა.

ბურგამი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატია, სავარაუდოდ, ჩაიბარებს დეპარტამენტს, რომელიც პასუხისმგებელია ბუნებრივი რესურსებისა და ფედერალური მიწების მართვაზე. ასევე, ეს თანამდებობა მოიცავს მნიშვნელოვან როლს გარემოსდაცვით და ენერგეტიკასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებში.

იგი 2024 წელს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის იბრძოდა, თუმცა, საბოლოოდ კანდიდატურა მოხსნა და მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირა. ამის შემდეგ ის ტრამპის საარჩევნო კამპანიის მრჩეველი გახდა, განსაკუთრებით ენერგეტიკის საკითხებში.

ბურგამის თანამდებობაზე დამტკიცებასაც სენატის მხარდაჭერა დასჭირდება.

იუსტიციის მინისტრი - პემ ბონდი

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 21 ნოემბერს განაცხადა, რომ ქვეყნის იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ფლორიდის ყოფილ გენერალურ პროკურორს პემ ბონდის დანიშნავს.

მანამდე, ყოფილმა კონგრესმენმა მეტ გეიცმა X-ზე დაწერა, რომ ტრამპის მეორე ადმინისტრაციაში იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე უარს ამბობდა. მისი თქმით, კანდიდატურა "უსამართლოდ იქცა ხელისშემშლელ ფაქტორად". მოსალოდნელი იყო, რომ აშშ-ს სენაში იუსტიციის მინისტრის თამანდებობაზე მის კანდიდატურას რესპუბლიკური პარტიიდან, დიდი ალბათობით, საკმარისი მხარდაჭერა არ ექნებოდა.

ფლორიდის გენერალური პროკურორის თანამდებობა ბონდის 2011-2019 წლებში ეკავა, ხოლო ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს იგი ოპიოიდებისა და ნარკოტიკების მოხმარების კომისიაშიც მსახურობდა.

ბონდი ასევე  ტრამპის დაცვის გუნდის წევრი იყო იმპიჩმენტის სასამართლო პროცესზე, რომლის ფარგლებშიც მას, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ კორუფციის საქმის აღძვრის საბაბით, უკრაინაზე ზეწოლაში სდებდნენ ბრალს, რაშიც აშშ-ს სენატმა ტრამპი გაამართლა. ბოლო პერიოდში ბონდი ტრამპის მხარდამჭერი სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში America First Policy Institute იურიდიული კუთხით მუშაობდა.

ტრამპმა საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე 14 ნოემბერს განაცხადა, რომ კონგრესმენ მეტ გეიცს იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დანიშნავდა.

ტრამპის განცხადების გამოქვეყნების შემდეგ გეიცმა წარმომადგენელთა პალატაში თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა, რომელიც პალატის სპიკერის მაკი ჯონსონის თქმით, "მოქმედებაში დაუყოვნებლივ შედის".

სანამ გეიცი კონგრესმენის პოსტს დატოვებდა, წარმომადგენელთა პალატის ეთიკის კომიტეტი იძიებდა ბრალდებებს, რომ გეიცი, სავარაუდოდ, იმ გეგმის ნაწილი იყო, რომელსაც 17 წლის გოგოს სექს-ტრეფიკინგი მოჰყვა, თუმცა მისმა გადადგომამ გამოძიების დასრულება გამოიწვია.

სახელმწიფო მდივანი - მარკო რუბიო

სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე პოტენციურად მარკო რუბიოს დანიშვნის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ტრამპმა დაადასტურა, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე რუბიოს დანიშნავს.

მარკო რუბიო სენატში 2010 წელს აირჩიეს და საგარეო პოლიტიკის მხრივ იგი ე.წ. "ქორად", ანუ ხისტი პოლიტიკის გატარების მომხრედ, ითვლება, განსაკუთრებით, ჩინეთის, ირანის, ვენესუელისა და კუბის მიმართ.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუბიო ამბობდა, რომ აშშ-მ "ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა უკრაინას პუტინის დამარცხებაში დაეხმაროს". ხოლო წინა წელს რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს ინტერესშია, უკრაინას თავის დაცვაში დაეხმაროს, თუმცა მან ხაზი გაუსვა ევროპელი მოკავშირეების მხრიდან უკრაინის მხარდასაჭერად მეტის გაკეთების საჭიროებას. ბოლო პერიოდში მარკო რუბიოს ნათქვამი აქვს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი უნდა დასრულდეს, რაც წინასაარჩევნოდ დონალდ ტრამპის გზავნილიც იყო.

თავდაცვის მინისტრი - პიტ ჰეგსეთი

ტრამპმა თავდაცვის მინისტრად Fox News-ის წამყვანი და არმიის ვეტერანი, პიტ ჰეგსეთი დაასახელა.

2012 წელს ჰეგსეთი მინესოტას შტატში სენატის წევრობისთვის საკუთარი კანდიდატურა წარადგინა, თუმცა, რესპუბლიკური პარტიის ნომინაცია საბოლოოდ კურტ ბილსმა მოიპოვა.

ამასთან, ჰეგსეთს სამხედრო სამსახურის ფარგლებში მონაწილეობდა, ავღანეთისა და ერაყის მისიებში. შემდეგ კი ხელმძღვანელობდა ორ ჯგუფს, რომელიც ვეტერანი სამხედროების უფლებებს იცავდა.

მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში - მაიკ უოლცი

12 ნოემბერს ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად კონგრესმენ მაიკ უოლცს დანიშნავს.

უოლცი კონგრესში პირველად 2018 წელს აირჩიეს, სადაც მან ფლორიდის ამჟამინდელი გუბერნატორი, რონ დესანტისი, ჩაანაცვლა. იგი ასევე მსახურობდა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა და სადაზვერვო კომიტეტებში.

ამასთანავე, უოლცი ჩინეთის წინააღმდეგ ხისტი პოლიტიკის გატარების მომხრედ ითვლება. მან 2021 წელს განაცხადა, რომ აშშ ჩინეთთან მიმართებით "ცივ ომში" იმყოფება.

2022 წელს უოლცმა უკრაინისთვის "ლენდ-ლიზის" ამოქმედებას დაუჭირა მხარი. მას ნათქვამი აქვს, რომ "უკრაინაში რუსეთის შეჩერება" აშშ-ს მხრიდან სწორი იქნება. ომის დაწყების შემდეგ კი უოლცი ბაიდენის ადმინისტრაციას 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე რუსეთის "ვერშეკავებისთვის" და ასევე სუსტი საგარეო პოლიტიკისთვის აკრიტიკებდა.

ამასთანავე ხაზგასასმელია, რომ 22 აპრილს მან აშშ-ს კონგრესში ფილმი "ბუჩამდე იყო აფხაზეთის" ჩვენებას უმასპინძლა. მანამდე, 2020 წელს უოლცმა, კიდევ 12 კონგრესმენთან ერთად, ხელი მოაწერა ანგარიშს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი "პუტინის ახლო მოკავშირედ" არის დახასიათებული.

აშშ-ს ელჩი გაეროში - ელის სტეფანიკი

ტრამპმა გაეროში აშშ-ს ელჩის პოზიციაზე წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური კონფერენციის თავმჯდომარე, ელის სტეფანიკი დაასახელა. სტეფანიკი დიდი ხანია, რაც დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირე და აშშ-ს რესპუბლიკური პარტიისთვის ფინანსების ერთ-ერთი მთავარი შემგროვებელია.

ამასთანავე, იგი ისრაელის მტკიცე მხარდამჭერია. სწორედ მისმა მკაცრმა დაკითხვამ ითამაშა გარკვეული როლი გასულ წელს ჰარვარდისა და პენსილვანიის უნივერსიტეტების პრეზიდენტების გადადგომაში, როდესაც მან აღნიშნულ პრეზიდენტებს - კლოდინ გეისა და ლიზ მაგილს დაუსვა შეკითხვა, გმობდნენ, თუ არა ისინი ებრაელების გენოციდისკენ გაკეთებულ მოწოდებებს თავიანთი უნივერსიტეტების კამპუსებზე.

აშშ-ს ელჩი ისრაელში - მაიკ ჰაკაბი

ისრაელში ამერიკის ელჩად დონალდ ტრამპი არკანზასის ყოფილ გუბერნატორს, მაიკ ჰაკაბის, დანიშნავს.

ჰაკაბი ისრაელის მტკიცე მხარდაჭერად მიიჩნევა. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ჰამასისა და ჰეზბოლას წინააღმდეგ მიმდინარე ისრაელის ომის ფონზე, აშშ-ს საგარეო პოლიტიკას ისრაელის ინტერესებს დაუახლოებს.

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში - სტივ უიტკოფი

დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე უძრავი ქონების დეველოპერი, სტივ უიტკოფი, დაასახელა.

უიტკოფი ტრამპის დიდი ხნის მეგობარი და მისი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მსხვილი დონორია. სექტემბერში, ტრამპის მეორე მკვლელობის მცდელობის დროს, რესპუბლიკელი პრეზიდენტობის კანდიდატი უიტკოფთან ერთად თამაშობდა გოლფს.

თეთრი სახლის აპარატის უფროსი - სუზი უაილსი

ტრამპმა 8 ნოემბერს დააანონსა, რომ თეთრი სახლის აპარატის უფროსად მისი წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, სუზი უაილსს დანიშნავს. 67 წლის უაილსი პირველი ქალი იქნება, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავებს.

წარსულში უაილსი რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო კამპანიაში მუშაობდა 1980 წელს, ხოლო 2018 წელს იგი რესპუბლიკელ გუბერნატორს, რონ  დესანტისს, ფლორიდაში არჩევნების მოგებაში დაეხმარა. 2016 და 2020 წლის არჩევნებზე იგი ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიებში უფროსი მრჩეველი იყო.

თეთრი სახლის პრესმდივანი - კეროლაინ ლივიტი

ლივიტი ტრამპის ერთგული ქომაგია. მას სხვადასხვა ტელევიზიასთან მიცემულ ინტერვიუში აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი ხშირად ჰყავს აგრესიულად დაცული.

ივნისში, CNN-თან საუბრისას, ლივიტს ტელეწამყვან ქეისი ჰანთთან კამათი მოუვიდა და CNN-ის ჟურნალისტებს, რომლებიც საპრეზიდენტო დებატების მოდერატორები იყვნენ, ტრამპისა და ბაიდენის "მიკერძოებულად გაშუქება" დასდო ბრალად.

27 წლის ლივიტი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იქნება, რომელსაც თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობაზე ოდესმე უმუშავია. ყველაზე ახალგაზრდა პრესმდივანი ლივიტამდე 1969 აშშ-ს 37-ე პრეზიდენტის, რიჩარდ ნიქსონის მიერ დანიშნული 29 წლის რონ ზიგლერი იყო. 

ლივიტი, რომელიც ნიუ ჰემფშირში გაიზარდა, ტრამპის ყოფილი ადმინისტრაციაში თეთრი სახლის პრესმდივნის ასისტენტი 2017-2021 წლებში იყო. 

კომენტარები