დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

Reuters: ტრამპი რუსეთ-უკრაინის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად რიჩარდ გრენელს განიხილავს

რიჩარდ გრენელი (მარცხნივ) და დონალდ ტრამპი

Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთი-უკრაინის კონფლიქტის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის პოზიციაზე რიჩარდ გრენელის წარდგენას გეგმავს. 

გრენელი ტრამპის ყოფილი ადმინისტრაციის პერიოდში, 2017-2021 წლებში გერმანიაში აშშ-ს ელჩის თანამდებობას იკავებდა. ამავე პერიოდში გრენელი აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორიც იყო. 

ამჟამად თანამდებობა, რომელზეც ტრამპი გრენელის დანიშვნას განიხილავს, არ არსებობს, თუმცა ანონიმური წყაროები Reuters-ს ეუბნებიან, რომ აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი ამ თანამდებობის შექმნას გეგმავს. 

წყაროების თქმით, დანიშვნის შემთხვევაში გრენელი აღნიშნულ პოსტზე საკვანძო როლს შეასრულებს, რათა ტრამპის ძალისხმევა, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, სისრულეში მოიყვანოს. 

მიმდინარე წლის ივლისში გრენელმა თქვა, რომ იგი ე.წ. ავტონომიური ზონების შექმნას ემხრობოდა, როგორც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გადაჭრის საშუალებას. გრენელმა ასევე განაცხადა, რომ იგი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას უახლოეს მომავალში მხარს არ დაუჭერდა. 

ტრამპის ჩანაფიქრის შესახებ კომენტარს ჯერჯერობით არც ტრამპის გარდამავალი გუნდისა და თეთრი სახლის სავარაუდო მომავალი პრესსპიკერი, ქეროლაინ ლევიტი და არც თავად გრენელი აკეთებენ. 

გრენელის მხარდამჭერები აღნიშნავენ, რომ მას გრძელვადიანი დიპლომატიური კარიერა და ევროპული პოლიტიკის შესახებ საფუძვლიანი ცოდნა აქვს. გრენელი, გერმანიაში აშშ-ს ელჩად მუშაობის გარდა, სერბეთისა და კოსოვოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის პოსტსაც იკავებდა. 

მედიაში გავრცელებული ცნობებით, გრენელი ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზეც განიხილებოდა, თუმცა, საბოლოოდ, 14 ნოემბერს ტრამპმა ამ პოსტზე მარკო რუბიო წარადგინა

რა ვიცით ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის შემადგენლობის შესახებ

კომენტარები