დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

საფრანგეთი: ნეთანიაჰუს ICC-ის ორდერზე იმუნიტეტი აქვს; მასთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, 27 სექტემბერი, 2024
Mike Segar/Reuters

27 ნოემბერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ისრაელის პრემიერმინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს იმუნიტეტი აქვს, რადგან ისრაელი არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წესდების ხელმომწერი, შესაბამისად, "საფრანგეთი მასთან ახლო თანამშრომლობას გააგრძელებს".

თავდაპირველად, როდესაც ICC-მ ღაზაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი და ომის დანაშაულების ბრალდებით ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მისი ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანთის, დაკავების ორდერი გამოსცა, საფრანგეთში თქვეს, რომ ICC-ის წესდებას დაემორჩილებოდნენ.

თუმცა, მომდევნო დღეს, 22 ნოემბერს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააზუსტა თავდაპირველი განცხადება და თქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მხოლოდ ბრალდების ფორმალიზება მოხდა. Reuters-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, საფრანგეთის მხრიდან განცხადების დაზუსტება ჰეზბოლასა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებმა განაპირობა.

27 ნოემბერს კი საფრანგეთი საგარეო სამინისტრომ განაცხადა, რომ საერთაშორისო ვალდებულებებს პატივს სცემს, რაც მათი თქმით, გულისხმობს, რომ რომის წესდების მიხედვით, ქვეყანას ვერ მოეთხოვება იმოქმედოს თავისი ვალდებულებებისადმი შეუსაბამოდ, იმ ქვეყნების იმუნიტეტთან მიმართებით, რომლებიც ICC-ის წევრი ქვეყნები არ არიან.

"ასეთი იმუნიტეტი ეხება პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუსა და სხვა შესაფერის მინისტრებს და ამის გათვალისწინება იქნება საჭირო, თუკი ICC მათ დაკავებასა და გადაცემას მოითხოვს". - წერია სამინისტროს განცხადებაში.

Reuters-ის დიპლომატიური წყაროების თქმით, ICC-ის მიერ დაკავების ორდერის გამოცემის შემდეგ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო მის ისრაელელ კოლეგას ესაუბრა, ხოლო პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი - ბენიამინ ნეთანიაჰუს, რათა ისრაელისთვის საფრანგეთის პოზიცია გაეცნოთ.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაში ასევე ხაზი გაუსვა ორ დემოკრატიულ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობას და განაცხადა, რომ საფრანგეთი ნეთანიაჰუსთან და სხვა ისრაელელ მაღალჩინოსნებთან ახლო თანამშრომლობას აპირებს, რათა "მთლიანი ახლო აღმოსავლეთისთვის მშვიდობა და უსაფრთხოება იყოს მიღწეული".

27 ნოემბერს, ლიბანის დროით 04:00 საათზე ჰეზბოლასა და ისრაელს შორის ამერიკისა და საფრანგეთის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა.

რას მოიცავს ისრაელსა და ჰეზბოლას შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება


21 ნოემბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ღაზაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი და ომის დანაშაულების ბრალდებით, ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანთის დაკავების ორდერი გასცა

"სასამართლოს კოლეგიამ მიიჩნია, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ორივე პირმა განზრახ და შეგნებულად წაართვა ღაზაში მცხოვრებ მშვიდობიან პირებს მათი გადარჩენისთვის აუცილებელი წყაროები, მათ შორის, საკვები, წყალი, მედიკამენტები და სამედიცინო მარაგები. ასევე, საწვავი და ელექტროენერგია". - წერს კოლეგია ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებაში.

ასევე, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების ბრალდებით სასამართლომ ჰამასის ერთ-ერთი ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერიც გამოსცა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დეიფი ივლისში საჰაერო დარტყმების შედეგად მოკლეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ბაიდენის ადმინისტრაციაც გამოეხმაურა. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის თქმით, აშშ ICC-ის მხრიდან დაკავების ორდერის გაცემის გადაწყვეტილებას "ფუნდამენტურად უარყოფს".

"აშშ ფუნდამენტურად უარყოფს სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ. ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ პროკურატურის მიერ დაკავების ორდერის მოთხოვნით და პროცესის შემაშფოთებელი შეცდომებით, რამაც გამოიწვია ეს გადაწყვეტილება" - თქვა სპიკერმა. მისივე თქმით, აშშ მომდევნო ნაბიჯების თავის პარტნიორებთან ერთად განიხილავს.

კომენტარები