პრეზიდენტის არჩევნები

როგორია საქართველოს პრეზიდენტის არჩევის პროცედურა

26 ნოემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 14 დეკემბერი დაასახელა, რასაც პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა მხარი დაუჭირა. მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციის თარიღად კი 29 დეკემბერი ჩაინიშნა.

27 ნოემბერს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ბრიფინგზე პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.

2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში შესული ცვლილებით, 2024 წელს საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში 300 წევრი შედის, მათ შორის არის საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი.

რაც შეეხება საარჩევნო კოლეგიის სხვა წევრებს, მათ პარტიები ასახელებენ ადგილობრივი თვითმართველობებისს წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობებიდან ცესკოს მიერ განსაზღვრული კვოტების შესაბამისად. კვოტები განისაზღვრება "პროპორციული გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვითა და ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგების პროპორციის მიხედვით".

კანონის თანახმად, საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ამტკიცებს.

კონსტიტუციის 50.4 მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს. კოლეგიის ერთ წევრს შეუძლია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას, ამასთან, მან ხმა უნდა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გაიმარვებს ის კანდიდატი, ვინც ხმების 2/3-ს მიიღებს. მეორე ტურში კი, არჩეულად ჩაითვალება ის, ვისაც ხმების უმრავლესობა ექნება.

"არჩევნების პირველი ან მეორე ტური შემდგარად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. თუ არჩევნები არ შედგა ან საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩია, 30 დღის ვადაში იმართება საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები". - განმარტავს კანონი.

კონსტიტუციით, პრეზიდენტის არჩევნები იმართება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში.

უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება უფლებამოსილების შეწყვეტიდან 45 დღის ვადაში. თუ არჩევის თარიღი ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან 45 დღის ვადაში.

თუ საქართველოს პრეზიდენტის არჩევის თარიღი ემთხვევა პარლამენტის არჩევნების ან მის წინა თვეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვიდან 45 დღის განმავლობაში - 2024 წლის ოქტომბერში საქართველოს პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევნები ერთმანეთს დაემთხვა და სწორედ, აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გააგრძელა უფლებამოსილების შესრულება.

მას შემდეგ, რაც ცესკომ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები წარადგინა, შედგა პირველი სხდომა, რომელზეც პარლამენტმა ცნო საკუთარი უფლებამოსილება, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 14 დეკემბერი დაასახელა, რასაც თავის მხრივ, პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა პარლამენტმა. მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციის თარიღად კი 29 დეკემბერი ჩაინიშნა.

27 ნოემბერს, ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.

კომენტარები