გიორგი გახარიას თქმით, მისი პარტია, რომელსაც საკრებულოებში წევრების რაოდენობიდან გამომდინარე საარჩევნო კოლეგიაში ხმები აქვს, პრეზიდენტის არჩევაში მონაწილეობას არ მიიღებს.
"ჩვენი პარტია, რომელსაც საკრებულოს წევრების რაოდენობის გათვალისწინებით, ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის შემდეგ საარჩევნო კოლეგიაში ყველაზე მეტი ხმა აქვს, პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. ყველა ოპოზიციურ პარტიასა და საკრებულოებში მათ წარმომადგენლებს მოვუწოდებთ, პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ". - თქვა გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
გახარია ასევე ამბობს, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციას საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები არ უნდა დაესწრონ.
"დღეს უკანონო პარლამენტმა საარჩევნო ვადების უხეში დარღვევით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, მისი ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს დანიშნა. როგორც პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა საერთაშორისო ლეგიტიმაციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების გარეშე, 29 დეკემბერს ჩანიშნულ პრეზიდენტის ინაუგურაციას საერთაშორისო, დემოკრატიული საზოგადოების წარმომადგენლობა არ უნდა დაესწროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი შეეცდება, ეს გაყალბებული არჩევნების, უკანონო პარლამენტის, უკანონო მთავრობისა და უკანონოდ არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაციისა და აღიარების მისაღწევად გამოიყენოს. ფაქტობრივად, ის ამ გზით თავისი ავტორიტარული რეჟიმის გაფორმებას შეეცდება. ერთპარტიულად, კონსტიტუციის დარღვევით არჩეულ პრეზიდენტს არც ხალხის და არც საერთაშორისო საზოგადოების ლეგიტიმაცია არ უნდა ჰქონდეს". - განაცხადა გახარიამ.
ერთპარტიულმა პარლამენტმა პრეზიდენტის არჩევის თარიღად 14 დეკემბერი, ინაუგურაციის თარიღად კი 29 დეკემბერი გამოაცხადა. საქართველოს მომავალ პრეზიდენტს 300 ხმოსანი ღია კენჭისყრით, 5 წლის ვადით აირჩევს.
300-კაციან საარჩევნო კოლეგიაში მათ შორის შედის საქართველოს პარლამენტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. ასევე, სხვა წევრებს საკრებულოების შემადგენლობიდან ასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები.





