მადლიერების დღე

ბაიდენმა მადლიერების დღესთან დაკავშირებით 2 ინდაური - ფიჩი და ბლოსომი შეიწყალა

ჯო ბაიდენი და ინდაური, სახელად ფიჩი
Erin Schaff/The New York Times

მადლიერების დღე (წელს 28 ნოემბერი) ახლოვდება და აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტრადიციულად ორი ინდაური - ფიჩი (Peach) და ბლოსომი (Blossom) შეიწყალა, რომლებიც მადლიერების დღის სუფრის ნაცვლად, მშობლიურ სამხრეთ მინესოტაში გაემგზავრებიან. 

ბაიდენმა თეთრ სახლში "ცერემონიაზე" 2500 სტუმარს უმასპინძლა და შიგადაშიგ მისი მშობლიური შტატის, დელავერის ოფიციალური ყვავილის (Peach Blossom) სახელობის ინდაურებზეც გაიხუმრა. 

ბაიდენმა დამსწრეებს ფიჩი წარუდგინა, როგორც ინდაური, რომელიც "ამ მოტოთი ცხოვრობს: შეინარჩუნე სიმშვიდე და თქვლიფე" (Keep calm and gobble on). ბლოსომს, როგორც აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა თქვა, განსხვავებული მოტო აქვს: "არანაირი უხეში თამაში - უბრალოდ მინესოტელივით თავაზიანი" (No fowl play. Just Minnesota Nice). 

ფიჩი და ბლოსომი სამხრეთ მინესოტის ქალაქ ნორთფილდის მკვიდრი ფერმერის, ჯონ ზიმერმანის ფერმიდან არიან. ზიმერმანს ჯამში დაახლოებით 4 მილიონი ინდაური მოუშენებია და აშშ-ს ინდაურთა ეროვნული ფედერაციის (National Turkey Federation) პრეზიდენტია. ფედერაცია აშშ-ს 33-ე პრეზიდენტ ჰარი ტრუმანის ადმინისტრაციის პერიოდიდან (1947 წლიდან) ყოველ წელს აშშ-ს პრეზიდენტს ინდაურებს უგზავნის. თუმცა ინდაურების შეწყალების ტრადიცია 1989 წელს აშშ-ს 41-ე პრეზიდენტმა, ჯორჯ ჰერბერთ უოკერ ბუშმა დაიწყო. 

შეწყალების შემდეგ, ფიჩი და ბლოსომი ცხოვრების დარჩენილ პერიოდს სამხრეთ მინესოტაში მდებარე აგრარულ ცენტრ Farmamerica-ში გაატარებენ. ცენტრის მიზანი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა და მომავალი ფერმერებისა და სხვა ადამიანების განათლებაა ამერიკის სოფლის მეურნეობის შესახებ. 

კომენტარები