საფრანგეთი

საფრანგეთში ფემიციდისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა

23 ნოემბერს პარიზში და საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში ფემიციდისა და სექსუალური ძალადობის დანაშაულების წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორები მოითხოვდნენ მთავრობისგან სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის სახელმწიფო ხარჯების გაზრდას.

აქციის მონაწილეებს ეჭირათ იასამნისფერი პლაკატები სხვადასხვა წარწერებით, მათ შორის, გენდერული ძალადობის შემცირებისთვის საჭირო ზომებისა მიღებისა და ქალთა რეპროდუქციული უფლებების დაცვის მოთხოვნით.

პროტესტის მონაწილეებმა ასევე სოლიდარობა გამოუხატეს ჟიზელ პელიკოს. საფრანგეთში სექსუალური ძალადობის შესახებ მასშტაბური აღშფოთება გამოიწვია მისი ყოფილი ქმრისა და ათობით სხვა მამაკაცის წინააღმდეგ სასამართლო პროცესმა. პელიკოს ქმარი 10 წლის განმავლობაში თავის ცოლს, ჟიზელ პელიკოს ნარკოტიკებით აძინებდა, აუპატიურებდა და ათობით სხვა კაცსაც აუპატიურებინებდა. პელიკოს ქმრის თქმით, სხვა 50-ივე ბრალდებულიც დამნაშავეა და იცოდნენ, რომ ჟიზელი სქესობრივ კონტაქტზე თანახმა არ ყოფილა.

"სამწუხაროდ, ნებისმიერი შეიძლება იყოს ძალადობის ჩამდენი, ჩვენი ძმები, მამები, ჩვენი კოლეგები და უფროსები. ვფიქრობ, ეს ხალხისთვის დიდი შოკია. არ არსებობს საზოგადო აღწერილობა იმისა, თუ ვინ შეიძლება იყოს პოტენციური მოძალადე, ისევე, როგორც არ არსებობს ზოგადი აღწერილობა იმისა, თუ ვინ შეიძლება გახდეს მსხვერპლი" - ამბობდა ფემინისტური კოლექტივს Nous Toutes-ს წარმომადგენელი მეელ ნუარი.

კომენტარები