პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართული ოცნების იზოლირება საერთაშორისო პარტნიორებისგან და შიდა პოლიტიკაში ხელისუფლებას ჩამოშლის. ის ხაზს უსვამს, რომ დასავლეთი დიდი ხნის განმავლობაში საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობის ფონზე, საკუთარ პოზიციას ვერ შეიცვლის, რაც საერთაშორისო ფლანგზე მმართველი ძალის იზოლირებას გამოიწვევს.
"ის რომ დასავლეთი, რომელმაც ამდენი რამე გააკეთა იმისთვის, რომ აქ შექმნილიყო ინსტიტუტები, დემოკრატიის მთავარი საფუძველი ჩამოყალიბებულიყო, სასამართლოზე ამდენი ხანი იწვალა და იწვალა, ამდენი თანხები არის ჩადებული ჩვენ ეკონომიკაში, განათლებაში, ჯანდაცვაში და ამ ყველაფერთან ერთად მარტივ რაღაცებს გვთხოვდა, რომ სასამართლო შეინარჩუნეთ დამოუკიდებელი და გააგრძელეთ ის მთავარი რეფორმები, რაც თქვენი ქვეყნისთვის არის საჭირო. ახლა ყველაფერს ვერ წაიღებს უკან ამ ნათქვამს, მაქსიმუმ, იქნება ინდიფერენტული და აღარ ჩაერთვება ჩვენ პროცესებში, რაც ნიშნავს, რომ იზოლაცია იქნება სრული.
მე მგონი, რომ ეს ჩამოშლის ამ ხელისუფლებას, შიდა და გარე იზოლაცია და ერთ ქვაბში რომ მოიხარშებიან ესენი და ვინც არიან ხომ ვხედავთ? სადამდე უნდა იხარშებოდნენ ერთ ქვაბში?" - თქვა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ინტერვიუში ასევე თქვა, რომ ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობის კონსოლიდირება და კანონის უზენაესობის დაკნინება საბაზრო კონკურენციას დააზიანებს, ინვესტიციებს შეამცირებს, თავისუფალ ბაზარზე უარყოფითი გავლენა ექნება და, შესაბამისად, ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს.
"ამას დაემატება ძალიან მალე ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი. [...] სადაც სასამართლო არ არის, სადაც ასეთი ნათელი სურათი არის, რომ ეს ქვეყანა არის მთლიანად ერთ ხელში და სადაც შენ თუ არ ხარ გარიგებული ამ ერთ ხელთან, არანაირი შანსი არაფრის არა გაქვს, თავისუფალი ბიზნესი, თავისუფალი ინვესტიცია - ეს ყველაფერი კვდება. სავალუტო ფონდთან უკვე აღარ გვაქვს პროგრამა და ელოდებოდა სავალუტო ფონდი თავიანთი განცხადებებიდან გამომდინარე, რომ არჩევნების მერე თუ სიტუაცია გამოსწორდა, მაშინ ახალ პროგრამაზე დავიწებთ მოლაპარაკებებსო". - თქვა ზურაბიშვილმა.
გაბუნიამ პრეზიდენტს ქართული ოცნების მხრიდან ეკონომიკური გადაწყობის შესაძლებლობის შესახებ ჰკითხა და ივარაუდა, რომ დასავლეთთან ურთიერთობის გაწყვეტის შემთხვევაში, მმართველმა პარტიამ ყურადღება შეიძლება ჩინეთსა და თურქეთზე გადაიტანოს, ქვეყანა კი ძალიან მდიდარ და ღარიბ ფენებად დაიყოს. ზურაბიშვილმა წამყვანს უპასუხა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და საამისოდ შესაბამისი რესურსები არ გააჩნია.
"ეს შეიძლება გააკეთოს ისეთმა ქვეყანამ, რომელსაც აქვს დიდი რესურსი, რომელიც არის, ვთქვათ, რუსეთი, შეუძლია გაუძლოს ამ იზოლაციას, თუმცა თავისი მოსახლეობის ხარჯზე იმიტომ, რომ მოსახლეობა, ვიცით, როგორ არის ამ შემთხვევაში და რატომ გადიან მილიონობით ადამიანები რუსეთიდან [...] დიდ ქვეყანას, ანუ ქვეყანას, რომელსაც აქვს თავისი გარკვეული რესურსები, ენერგეტიკის ან სხვა, შეუძლია, ჩვენ არაფერი არა გვაქვს". - თქვა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა თქვა, რომ ქვეყნის კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალს კონსტიტუციურ წყობაზე დაბრუნება და ხელახალი არჩევნების ჩატარება წარმოადგენს, რაც მთელ მსოფლიოში მოსახლეობასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან "შერიგების" გამოცდილი ხერხია. ზურაბიშვილის მიხედვით, ამის ალტერნატივაა, რომ რუსეთს "ჩაბარდე", რასაც, მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა არ შეეგუება.
"ეს ვარიანტი, რომ გავუძლოთ იზოლაციას, თუნდაც ვიღაცების დახმარებით, ასე ვთქვათ, არ გამოდის. [...] ამ შემთხვევაში არჩევანი არის ან დავუბრუნდეთ ჩვენს კონსტიტუციურ წყობას, სტაბილურად და ერთადერთი გზა კრიზისიდან გამოსვლის არის ახალი არჩევნები. მთელ მსოფლიოში, ყველგან გამოცდილი, არის ახალი არჩევნები, რომლებიც სტაბილურად გიბრუნებს საშუალებას, რომ შეურიგდე შენს მოსახლეობას, შეურიგდე შენს პარტნიორებს და დაუბრუნდე ნორმალურ წყობას, თუ არა, უნდა ჩაბარდე, ესე იგი, არა მხოლოდ ვიღაცების მეშვეობით უნდა მიიღო ინსტრუქციები მოსკოვიდან, არამედ პირდაპირ ჩაბარდე. [...]
ვინმეს ჰგონია, რომ იქიდან იქნება რაღაც მადლიერება და რაღაცა ხელშეწყობა და ამას შეეგუება საქართველოს მოსახლეობა? ჩვენ მაშინ გადავდივართ სრულიად არასტაბილურ სიტუაციაში. ის ხელისუფლება, რომელიც გვპირდებოდა ბრწყინვალე და მშვიდობიან მომავალს, პირდაპირ მიგვაქანებს არასტაბილურობაში". - თქვა ზურაბიშვილმა.