რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კრემლის თქმით, უკრაინაზე Орешник-ით მიტანილი იერიში გაფრთხილება იყო დასავლეთისადმი

დმიტრი პესკოვი
interaffairs.ru

დმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინაზე 21 ნოემბერს ბალისტიკური რაკეტა Орешник-ით მიტანილი იერიში რუსეთის გაფრთხილება იყო დასავლეთისადმი. კრემლის პრესსპიკერის კომენტარს რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული გამოცემა TACC ავრცელებს

"რუსეთის მხარემ ნათლად აჩვენა საკუთარი შესაძლებლობები. ასევე მკაფიოდ გამოიკვეთა შემდგომი საპასუხო მოქმედებების კონტურები, თუ ჩვენი შეშფოთებები გათვალისწინებული არ იქნება". - თქვა პესკოვმა. 

კრემლის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი "დეესკალაციის მიზნით" დიალოგისთვის მზადაა. 

"გუშინდელ განცხადებაში პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა - შემდგომი ესკალაციის თავიდან არიდებისა და მშვიდობიან ტრაექტორიაზე დაბრუნების მიზნით - მის მზაობას ნებისმიერი კომუნიკაციისთვის. პრეზიდენტის მზაობა დიალოგისთვის იყო და დღესაც რჩება რელევანტური, ეს თავად სახელმწიფოს მეთაურმაც განაცხადა". - დასძინა პესკოვმა. 

ცოტა ხნის წინ პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ ახალი საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტის (IRBM), Орешник-ის გამოყენების შესახებ აშშ-ს წინასწარ შეატყობინეს. მისი თქმით, ეს ავტომატურად მოხდა.

"რუსულმა მხარემ ამერიკელები Орешник-ის გაშვებაზე გააფრთხილა რუსეთის ბირთვული საფრთხის შემცირების ეროვნული ცენტრის ხაზით, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მუშაობს და აშშ-ს ანალოგიურ სისტემასთან მუდმივ წვდომას ინარჩუნებს". - თქვა პესკოვმა.

მანამდე,  კრემლის პროპაგანდისტულ მედიასთან საუბრისას პესკოვი უარყოფდა, რომ აშშ-ს ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას Орешник-ის გამოყენებაზე წინასწარ შეატყობინეს.

პუტინმა უკრაინაზე ბალისტიკური რაკეტა Орешник-ით მიტანილ იერიშზე განცხადება, რომელზეც პესკოვი საუბრობს, გუშინ, სატელევიზიო ეთერში გააკეთა. 

"21 ნოემბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთ ობიექტზე კომბინირებული იერიში მიიტანეს. საბრძოლო მოქმედებების დროს ასევე გამოცადეს ერთ-ერთი უახლესი რუსული საშუალო მანძილის სარაკეტო სისტემა. ამ შემთხვევაში, ბალისტიკური რაკეტა არაბირთვული ჰიპერბგერითი ქობინით". - თქვა პუტინმა მიმართვაში.

პუტინის თქმით, რაკეტა Орешник რუსეთმა უკრაინის მხრიდან ამერიკული და ბრიტანული წარმოების იარაღის თავდასხმების საპასუხოდ გამოიყენა.

21 ნოემბრის დილას რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო იერიშის დროს, სხვადასხვა ტიპის რაკეტებთან ერთად, კონტინენტთაშორისი ბალისტიკურ რაკეტა პირველად გამოიყენა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა იერიშის დროს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა РС-26 Рубеж, შვიდი Х-101-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა და Х-47М2 Кинжал-ის ტიპის აერობალისტიკური რაკეტა გამოიყენეს. მათივე ცნობით, საჰაერო იერიში ასტრახანის ოლქიდან განხორციელდა.

რაკეტების სამიზნე ქალაქ დნეპრში მდებარე საწარმოები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო. უკრაინის საჰაერო ძალებმა, ექვსი ფრთოსანი რაკეტის ჩამოგდება შეძლეს.

20 ნოემბერს მედიაში გავრცელებული ცნობებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო სამიზნეებზე პირველად მიიტანა იერიში ბრიტანული Storm Shadow-ს ტიპის რაკეტებით. 

მანამდე, 17 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას პირველად დართო ნება, რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, კურსკის ოლქში იერიშებისთვის აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი რადიუსის ATACMS რაკეტები გამოეყენებინა. 

კომენტარები