რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, 21 ნოემბრის დილას რუსეთმა უკრაინის ქალაქ დნეპრზე იერიში საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტით Орешник მიიტანა. პუტინის თქმით, ეს "ახალი რაკეტის" საცდელი გაშვება იყო.
რუსეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ სატელევიზიო მიმართვაში ილაპარაკა.
"21 ნოემბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთ ობიექტზე კომბინირებული იერიში მიიტანეს. საბრძოლო მოქმედებების დროს ასევე გამოცადეს ერთ-ერთი უახლესი რუსული საშუალო მანძილის სარაკეტო სისტემა. ამ შემთხვევაში, ბალისტიკური რაკეტა არაბირთვული ჰიპერბგერითი ქობინით". - თქვა პუტინმა მიმართვაში.
პუტინის თქმით, რაკეტა Орешник რუსეთმა უკრაინის მხრიდან ამერიკული და ბრიტანული წარმოების იარაღის თავდასხმების საპასუხოდ გამოიყენა.
21 ნოემბრის დილას რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო იერიშის დროს, სხვადასხვა ტიპის რაკეტებთან ერთად, კონტინენტთაშორისი ბალისტიკურ რაკეტა პირველად გამოიყენა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა იერიშის დროს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა РС-26 Рубеж, შვიდი Х-101-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა და Х-47М2 Кинжал-ის ტიპის აერობალისტიკური რაკეტა გამოიყენეს. მათივე ცნობით, საჰაერო იერიში ასტრახანის ოლქიდან განხორციელდა.
რაკეტების სამიზნე ქალაქ დნეპრში მდებარე საწარმოები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო. უკრაინის საჰაერო ძალებმა, ექვსი ფრთოსანი რაკეტის ჩამოგდება შეძლეს.
20 ნოემბერს მედიაში გავრცელებული ცნობებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო სამიზნეებზე პირველად მიიტანა იერიში ბრიტანული Storm Shadow-ს ტიპის რაკეტებით.





