რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსულმა მხარემ ამერიკელები Орешник-ის გაშვებაზე წინასწარ გააფრთხილა – პესკოვი

დმიტრი პესკოვი

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ ახალი საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტის (IRBM), Орешник-ის გამოყენების შესახებ აშშ-ს წინასწარ შეატყობინეს. მისი თქმით, ეს ავტომატურად მოხდა.

ამის შესახებ პესკოვმა რუსულ სამთავრობო მედია ТАСС-თან ისაუბრა.

"რუსულმა მხარემ ამერიკელები Орешник-ის გაშვებაზე გააფრთხილა რუსეთის ბირთვული საფრთხის შემცირების ეროვნული ცენტრის ხაზით, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მუშაობს და აშშ-ს ანალოგიურ სისტემასთან მუდმივ წვდომას ინარჩუნებს". - თქვა პესკოვმა.

მანამდე,  კრემლის პროპაგანდისტულ მედიასთან საუბრისას პესკოვი უარყოფდა, რომ აშშ-ს ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას Орешник-ის გამოყენებაზე წინასწარ შეატყობინეს.

"არა, ასეთი შეტყობინება არ მომხდარა, რამდენადაც რუსეთს არანაირი ვალდებულება არ აქვს საშუალო მანძილის რაკეტებთან მიმართებით". - თქვა პესკოვმა ТАСС-ის კითხვის საპასუხოდ, გააფრთხილა თუ არა რუსეთმა Орешник-ის გამოყენების შესახებ აშშ ან სხვა მეგობრული ანდა არამეგობრული ქვეყნებს.

ამასთან, პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმაც დაადასტურა, რომ რუსეთმა აშშ-ს Орешник-ის გამოყენების შესახებ წინასწარ აცნობა. 

"შემიძლია დავადასტურო, რომ რუსეთმა ნამდვილად გამოიყენა ექსპერიმენტული საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტა. ეს IRBM (რედ. - საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტა) დაფუძნებული იყო რუსეთის РС-26 Рубеж-ის მოდელის კონტინენტთაშორისი ბალისტიკურ რაკეტაზე. აშშ-სთვის გაგზავნილი შეტყობინებების მხრივ, აშშ გაშვებამდე წინასწარ იყო გაფრთხილებული, მოკლედ, ბირთვული რისკის შემცირების არხების გზით". - თქვა სინგმა. 

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქვა, რომ 21 ნოემბრის დილას რუსეთმა უკრაინის ქალაქ დნეპრზე იერიში საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტით Орешник მიიტანა. 

ამავდროულად, უკრაინამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო იერიშის დროს, სხვადასხვა ტიპის რაკეტებთან ერთად, კონტინენტთაშორისი ბალისტიკურ რაკეტა პირველად გამოიყენა

კომენტარები