19 ნოემბრის აქციაზე დაკავებული 16 პირიდან 10 აცხადებს, რომ პოლიციის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობისა ან ძალის გადამეტების მსხვერპლი გახდა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
"19 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსებული 14 მოქალაქე და აქციის დაშლისას მიღებული ფიზიკური დაზიანებების გამო, კლინიკაში მყოფი 2 მოქალაქე მოინახულეს.
იმ 16 პირიდან, რომლებიც სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს, 10 აცხადებს, რომ არის სავარაუდო არასათანადო მოპყრობისა ან ძალის გადამეტების მსხვერპლი". - წერია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო აპარატმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებისა და ჟურნალისტების საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტების ამსახველი საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია და კადრები გადასცა და მოუწოდა, პასუხისმგებელი პირების გამოსავლენად, დაუყოვნებლივ დაიწყოს მომხდარის გამოძიება.
"სახალხო დამცველის აპარატი, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების ეფექტიანობის შეფასების მიზნით, მონიტორინგს გაუწევს გამოძიების მსვლელობას". - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს, 19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, პოლიციამ სულ 16 ადამიანი დააკავა - 3 მათგანი ხელწერილით გაათავისუფლეს, დანარჩენები კი ამ დრომდე ზაჰესის იზოლატორსა და დიღმის სამმართველოში რჩებიან.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ეს ადამიანები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე აქციაზე დაკავებულების ადვოკატები ამბობენ, რომ მათ ნაწილს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა. უფლებადამცველების თქმით, ამ დროისთვის ყველა დაკავებულის მონახულება ვერ მოახერხესეს და ისინი ამას ეტაპობრივად გააკეთებენ.
"ამ ეტაპზე, იზოლატორში 4 დაკავებული მოვინახულე. ეს ადამიანები ნაცემები არიან, მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. მაგალითად, როცა ერთ-ერთი მათგანი დაიჭირეს და პოლიციის მანქანაში ჩასვეს, მასთან პოლიციელი მივიდა და თვალის მიდამოში ხელი დაარტყა და უთხრა, ხომ მაინც დაგაკავეო". - თქვა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ, რომელმაც 4 დაკავებული ზაჰესის იზოლატორში მოინახულა.
პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს კიდევ ერთი დაკავებულის, ალექსანდრე ქავთარაძის ადვოკატი.
"ამ ეტაპზე, დაკავებული ალექსანდრე ქავთარაძე მოვინახულე. მის მიმართ გადამეტებული ძალა გამოიყენეს. პოლიციის მანქანაში ჩასმის დროს, მას ერთ-ერთმა სამართალდამცველმა უთხრა, ხომ დაგაკავეო - რა თქმა უნდა, უცენზურო სიტყვებით და ამის შემდეგ სახეში ხელი დაარტყა, რისი კვალიც მას ეტყობა". - ამბობს ადვოკატი ნესტან ლონდარიძე.





