ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე აქციაზე დაკავებულების ადვოკატები ამბობენ, რომ მათ ნაწილს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა. უფლებადამცველების თქმით, ამ დროისთვის ყველა დაკავებულის მონახულება ვერ მოახერხესეს და ისინი ამას ეტაპობრივად გააკეთებენ.
"ამ ეტაპზე, იზოლატორში 4 დაკავებული მოვინახულე. ეს ადამიანები ნაცემები არიან, მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. მაგალითად, როცა ერთ-ერთი მათგანი დაიჭირეს და პოლიციის მანქანაში ჩასვეს, მასთან პოლიციელი მივიდა და თვალის მიდამოში ხელი დაარტყა და უთხრა, ხომ მაინც დაგაკავეო". - თქვა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ, რომელმაც 4 დაკავებული ზაჰესის იზოლატორში მოინახულა.
პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს კიდევ ერთი დაკავებულის, ალექსანდრე ქავთარაძის ადვოკატი.
"ამ ეტაპზე, დაკავებული ალექსანდრე ქავთარაძე მოვინახულე. მის მიმართ გადამეტებული ძალა გამოიყენეს. პოლიციის მანქანაში ჩასმის დროს, მას ერთ-ერთმა სამართალდამცველმა უთხრა, ხომ დაგაკავეო - რა თქმა უნდა, უცენზურო სიტყვებით და ამის შემდეგ სახეში ხელი დაარტყა, რისი კვალიც მას ეტყობა". - ამბობს ადვოკატი ნესტან ლონდარიძე.
დღეს, 19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე აქციის დროს, პოლიციამ სულ 16 ადამიანი დააკავა - 3 მათგანი ხელწერილით გაათავისუფლეს, დანარჩენები კი ამ დრომდე ზაჰესის იზოლატორსა და დიღმის სამმართველოში რჩებიან.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ეს ადამიანები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.





