საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ შეიტანა. სარჩელი ორი კონსტიტუციური პრინციპის - ხმის მიცემის ფარულობისა და ხმის მიცემის საყოველთაობის დარღვევას ეხება.
ეკა ბესელიას თქმით, აღნიშნული პრინციპების დარღვევის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების გზით, პრეზიდენტი შეეცდება მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები დაიცვას.
"ეს სარჩელი არის ძალიან მნიშვნელოვანი მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, სამწუხაროდ, ნდობა არ არის და ამ სასამართლოს დამოუკიდებლობა თავად სასამართლომ თავისი ბოლო გადაწყვეტილებებით დააყენა დიდი დარტყმის ქვეშ. მაგრამ ამ სამართლებრივ გზას პრეზიდენტი მიმართავს იმისათვის, რომ ყველა სამართლებრივი სივრცე და ყველა სამართლებრივი მექანიზმი იქნეს გამოყენებული და რეზიდენტმა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებები დაიცვას. [...]
მე იმედი მაქვს, რომ სასამართლო ამ ვადებს, რომლებიც შემჭიდროებულია, 30-დღიანი ვადას კიდევ უფრო არ გაახანგრძლივებს და სწრაფად დანიშნავს იმიტომ, რომ პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში და ამ კრიზისის განმუხტვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ სარჩელის დროული და სამართლიანი განხილვა.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა საკონსტიტუციოში სარჩელის შეტანის გადაწყვეტილებაზე გუშინ, 18 ნოემბერს გამოაცხადა. ზურაბიშვილის შეფასებით, დაირღვა კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით გარანტირებული მთავარი უფლებები.
"ეს არის არა იმიტომ, რომ მე მჯერა საკონსტიტუციოსი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ინსტიტუტი აღარ არის დამოუკიდებელი და ამის მტკიცებულება მივიღეთ არაერთხელ. მაგრამ ეს უნდა იყოს როგორც ნიშანი, რომ ქვეყანაში არცერთი სამართლებრივი დავა არ უნდა დარჩეს ისე, რომ ბოლომდე არ ვცადოთ. და ბოლომდე არ გამოვცადოთ და ესეცაა ჩემი სარჩელის მიზანი, ბოლომდე გამოვცადოთ იმ მოსამართლეების სინდისი, რომელიც დადგებიან თავიანთ თავთან იმ არჩევანის წინაშე - როგორი ქვეყანა მინდა, ვისთან ერთად მინდა და საით უნდა წავიდეს ქვეყანა.
ამაზე მათი პასუხი იქნება არანაკლებ მნიშვნელოვანი და მინდა ვუსურვო მათ და ვუსურვო ჩვენს თავს, რომ აღმოჩნდეს ამ საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე მოსამართლე მაინც, რომელიც, როგორც ერთმა მოსამართლემ უკვე გვაჩვენა, შეძლებს გვაჩვენოს, რომ ღირსეული მოსამართლეები ქვეყანაში მაინც გვყავს" - თქვა ზურაბიშვილმა.





