არჩევნები 2024

ახალი არჩევნები, არსებული პარლამენტის და მთავრობის შენარჩუნება - რა არის პრეზიდენტის გეგმა

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "განაჩენი გამოტანილია, არ შედგა ეს არჩევნები". მისი თქმით, არსებულ მდგომარეობაში ქვეყანას ემუქრება სერიოზული საფრთხეები, მათ შორის, შიდა და გარე დესტაბილიზაცია. 

"განაჩენი გამოტანილია, არ შედგა ეს არჩევნები. ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყანა იმყოფება ძალიან სერიოზულ მდგომარეობაში, და მეტსაც ვიტყვი - ქვეყანას ემუქრება სერიოზული საფრთხეები. ერთი ასეთი საფრთხეა დესტაბილიზაცია, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ორხელისუფლებიანობას და პოლარიზაციის გაღრმავებას, რასაც ყოველდღიურად ხელს უწყობს ხელისუფლების და მისი მხარდამჭერების ორგანიზებული უაღრესად აგრესიული პროპაგანდა.

პოლიტიკურ არასტაბილურობას შესაძლოა მოჰყვეს ასევე გარე დესტაბილიზაცია გარე ფაქტორებიდან გამომდინარე. ამგვარი დესტაბილიზაციის საფრთხე იზრდება, როცა ქვეყანა პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობების მაგივრად ირჩევს იზოლაციას, რაც ახასიათებს დღევანდელ ხელისუფლებას. ამავე დროს, ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი ყველა პარამეტრის მიხედვით კარზე გვიდგას. 

როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტს, მე არ მაქვს უფლება, ეს დავუშვა და ამას ვერ და არ დავუშვებ. ამიტომ, ამ თითქოს გარდაუვალ, ღრმა და საშიში კრიზიდან გამოსავლის გზა უნდა მოვძებნოთ ერთად, უნდა შევთავაზო საზოგადოებას, შევთავაზე პოლიტიკურ ძალებს, პარტნიორებს და მე მგონი, ეს უნდა მოისმინოს ასევე, თუნდაც, არსებულმა ხელისუფლებამ, როგორც ერთადერთი სტაბილური და მშვიდობიანი გამოსავალი ამ არსებული მდგომარეობიდან" - თქვა ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ მისი გეგმით, უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები უმოკლეს ვადაში.

"არჩევნები როცა არ შედგა, აუცილებელია, განმეორდეს უმოკლეს ვადაში, მაგრამ ეს ვადა დამოკიდებულია შემდეგი საკითხების გადაწყვეტაზე, რის გარეშეც აზრი არ აქვს ახალ არჩევნებს. ერთია, საერთაშორისო გამოძიება, არა იმისთვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა გვითხრან ის, რაც უკვე ვიცით, რომ არ შედგა არჩევნები. არა, ეს საჭიროა იმისთვის, რომ გამოარკვიოს და დაამტკიცოს ის სისტემური ხარვეზები, რაც არსებობდა ამ არჩევნების დროს და რაც არის გამოსასწორებელი, თუ გვინდა, მივიღოთ ახალი, სამართლიანი, თავისუფალი და არაგაყალბებული არჩევნები.

საერთაშორისო მხარდაჭერით უნდა შევძლოთ ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, საარჩევნო კოდექსის ცვლილება იმ მიმართულებით და გზავნილებით, რაც იყო თავის დროზე ეუთო-ოდირის მოთხოვნები, მაგრამ კიდევ დამატებით, მაგალითად, უცხოეთში უბნების გახსნის პროცედურების გამართვით და ასევე, საარჩევნო დავების სპეციალური სასამართლოს შექმნით...

...ასევე, უნდა გაგრძელდეს 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობა - რამდენადაც არ შედგა არჩევნები, არაფერი ახალი არ შეიძლება შედგეს - არც პარლამენტი, არც მთავრობა, არც პრეზიდენტის არჩევნები, ანუ ჩვენ ვაგრძელებთ იმ არსებული პარლამენტით, მთავრობით და თუნდაც პრეზიდენტით, იმისთვის, რომ გარდამავალი პერიოდი ახალ არჩევნებამდე იყოს მაქსიმალურად სტაბილური. ამიტომ, არავის არ ვიჭერთ, არავის არ ვაგდებთ, არავის აქვს დევნის მომენტი, მაქსიმალურად უნდა მივიდეთ ახალ არჩევნებამდე, რადგან არ არსებობს სტაბილური ქვეყანა, სადაც მისი მოსახლეობის, საზოგადოების ნება არ არის ასახული არჩევნებში და იმ პოლიტიკურ წყობაში, რომელიც მოჰყვება არჩევნებს" - თქვა პრეზიდენტმა და იქვე აღნიშნა, რომ საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს შეუგუებლობა და პროტესტი.

"საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა ამ გეგმისთვის არის აუცილებელი და მე უკვე ვმუშაობ ამაზე, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მათთვის ყველაზე მიმზიდველი, რამდენადაც ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც არის სტაბილური და მშვიდობიანი იმისთვის, რომ ამ კრიზისიდან რაც შეიძლება, რყევების გარეშე გავიაროთ" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ ოცნებას მოუწოდა, დაფიქრდეს კარგად. მისი აზრით, არასერიოზულია ახალი პარლამენტის შეკრებასა და მთავრობის დანიშვნაზე საუბრები მაშინ, "როცა არ მოგყვება არც შენი ქვეყანა" და არც მთავარი პარტნიორები.

"ამიტომ, იყოს გასული პარლამენტი, 2020 წლის და იყოს ბატონი კობახიძის ან სხვისი მთავრობა, რომ ჩვენ მივიდეთ მშვიდობიანად ახალ არჩევნებამდე. მე მგონი, რომ უნდა დაფიქრდნენ და მინდა, ეს დავუტოვო საფიქრელად" - თქვა ზურაბიშვილმა.

16 ნოემბერს ცესკომ 2024 წლის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა. ამის შემდეგ, პრემერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება. მისივე ინფორმაციით, იმავე დღეს, პარლამენტს წარედგინება ოთხწლიანი სამთავრობო პროგრამა და მთავრობის შემადგენლობა ნდობის გამოსაცხადებლად. 

კომენტარები