არჩევნები 2024

ხმის ფარულობა და არჩევნების საყოველთაობა - პრეზიდენტს საკონსტიტუციო სარჩელი შეაქვს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili/Facebook

ხვალ, 19 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს. მისი თქმით, სარჩელი ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას ეხება - ხმის მიცემის ფარულობა და ხმის მიცემის საყოველთაობა. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, დაირღვა კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით გარანტირებული მთავარი უფლებები.

"ეს არის არა იმიტომ, რომ მე მჯერა საკონსტიტუციოსი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ინსტიტუტი აღარ არის დამოუკიდებელი და ამის მტკიცებულება მივიღეთ არაერთხელ. მაგრამ ეს უნდა იყოს როგორც ნიშანი, რომ ქვეყანაში არცერთი სამართლებრივი დავა არ უნდა დარჩეს ისე, რომ ბოლომდე არ ვცადოთ. და ბოლომდე არ გამოვცადოთ და ესეცაა ჩემი სარჩელის მიზანი, ბოლომდე გამოვცადოთ იმ მოსამართლეების სინდისი, რომელიც დადგებიან თავიანთ თავთან იმ არჩევანის წინაშე - როგორი ქვეყანა მინდა, ვისთან ერთად მინდა და საით უნდა წავიდეს ქვეყანა.

ამაზე მათი პასუხი იქნება არანაკლებ მნიშვნელოვანი და მინდა ვუსურვო მათ და ვუსურვო ჩვენს თავს, რომ აღმოჩნდეს ამ საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე მოსამართლე მაინც, რომელიც, როგორც ერთმა მოსამართლემ უკვე გვაჩვენა, შეძლებს გვაჩვენოს, რომ ღირსეული მოსამართლეები ქვეყანაში მაინც გვყავს" - თქვა ზურაბიშვილმა.

კომენტარები