ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსული კომპანია Газпром-ის გადაწყვეტილებას შეუჩეროს ავსტრიას გაზმომარაგება თავის X-ზე გამოეხმაურა. ურსულას თქმით, პუტინი ენერგომომარაგებას კვლავ იყენებს, როგორც იარაღს, თუმცა ევროპა ამ ზამთრისთვის მზად არის.
"პუტინი კვლავ იყენებს ენერგიას, როგორც იარაღს. ის გაზის მიწოდების შეწყვეტით ცდილობს ევროპისა და ავსტრიის დაშანტაჟებას. ჩვენ ამისთვის და ზამთრისთვის მზად ვართ. ბუნებრივი აირის მარაგები ევროკავშირის მასშტაბით შევსებულია. როგორც უკვე ვუთხარი გუშინ კარლ ნეჰამერს [ავსტრიის კანცლერი], ევროპა ავსტრიის მხარდაჭერაში ერთიანია". -წერს ევროკომისიის პრეზიდენტი თავის X-ზე.
16 ნოემბერს რუსულმა კომპანია Газпром-მა ავსტრიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა.
ვსტრიული ნავთობკომპანია, OMV ამბობს, რომ რუსული გაზის მიწოდების შეჩერებისთვის ემზადებოდნენ და მისი ჩანაცვლება გერმანიიდან, იტალიიდან და ნიდერლანდებიდან იმპორტით შეუძლიათ.
გამოცემა Reuters-ის ცნობით, OMV-სა და Газпром-ს შორის ურთიერთობის შეწყვეტა საბოლოოდ სახელშეკრულებო დავამ გამოიწვია.
რუსეთის მიერ ავსტრიისთვის გაზის მიწოდების შეჩერების შემდეგ ევროკავშირში რუსული გაზის მსხვილ იმპორტიორებად მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი დარჩებიან.





