რუსეთი-ავსტრია

16 ნოემბრიდან რუსეთი ავსტრიას გაზს აღარ მიაწვდის

REUTERS/Anton Vaganov/File Photo

ხვალიდან, 16 ნოემბრიდან რუსული კომპანია Газпром ავსტრიას გაზს აღარ მიაწვდის. ამის შესახებ მათ ავსტრიულ ნავთობკომპანიას, OMV-ს აცნობეს.

OMV ამბობს, რომ რუსული გაზის მიწოდების შეჩერებისთვის ემზადებოდნენ და მისი ჩანაცვლება გერმანიიდან, იტალიიდან და ნიდერლანდებიდან იმპორტით შეუძლიათ.

გამოცემა Reuters-ის ცნობით, OMV-სა და Газпром-ს შორის ურთიერთობის შეწყვეტა საბოლოოდ სახელშეკრულებო დავამ გამოიწვია.

რუსეთის მიერ ავსტრიისთვის გაზის მიწოდების შეჩერების შემდეგ ევროკავშირში რუსული გაზის მსხვილ იმპორტიორებად მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი დარჩებიან.

ავსტრია ევროკავშირის იმ ქვეყნების მცირერიცხოვან სიას განეკუთვნება, რომლებიც რუსეთის გაზის იმპორტირებაზე კვლავ დამოკიდებულები არიან.

ავსტრიასა და სლოვაკეთს რუსული ბუნებრივი აირი უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი გაზსადენის საშუალებით მიეწოდება, უკრაინა კი ამბობს, რომ 2025 წელს Газпром-თან კონტრაქტის დასრულების შემდეგ მის გახანგრძლივებას არ აპირებს.

საერთაშორისო ენერგეტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს ამ გზით მიღებული ბუნებრივი აირი ავსტრიის, უნგრეთისა და სლოვაკეთის გაზის მოთხოვნის 65%-ს აკმაყოფილებდა.

დღეისთვის უნგრეთმა უკრაინის გავლით გაზის იმპორტი შეამცირა და რუსულ ბუნებრივ აირს ძირითადად TurkStream-ის გაზსადენის საშუალებით იღებს.

კომენტარები