გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გამოცემა Sueddeutsche Zeitung-თან 15 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში თქვა, რომ აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინასთან მიმართებით "უფრო ნიუანსური" პირადი პოზიცია აქვს, ვიდრე ამას ვარაუდობენ. შოლცი ტრამპს 11 ნოემბერს ტელეფონით ესაუბრა.
გერმანიის კანცლერმა გამოცემას უთხრა, რომ 11 ნოემბრის სატელეფონო საუბარი, "ალბათ გასაკვირია, მაგრამ ძალიან დეტალური და კარგი იყო".
ლიდერებმა გარკვეული დროის განმავლობაში უკრაინაზე ისაუბრეს. შოლცმა, დეტალებში შესვლის გარეშე, თქვა, რომ ტრამპმა მას დაუტოვა შთაბეჭდილება, რომ უკრაინაზე "მას უფრო ნიუანსური პოზიცია გააჩნია, ვიდრე ამას ხშირად ვარაუდობენ".
ჟურნალისტის შეკითხვაზე, დადებდა თუ არა ტრამპი გარიგებას რუსეთთან უკრაინასთან შეთანხმების გარეშე, შოლცმა თქვა, რომ ტრამპს "არც ერთხელ მიუნიშნებია, რომ ამას გააკეთებდა".
კანცლერის თქმით, გერმანია, თავის მხრივ, არ მიიღებს "დიქტატით მიღწეულ მშვიდობას".
ცნობისთვის, გუშინ, 15 ნოემბერს ოლაფ შოლცი, 2022 წლის შემდეგ პირველად, ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსაც.
"პრეზიდენტ პუტინს ტელეფონით ვესაუბრე. მოვუწოდე, დაასრულოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის წარმოება და გაიყვანოს ჯარები. რუსეთმა უნდა გამოავლინოს უკრაინასთან სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ მიმართული მოლაპარაკების სურვილი". - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
ტრამპთან 11 ნოემბერს საუბრის შემდეგ შოლცმა თქვა, რომ მასთან "ევროპაში მშვიდობის დასაბრუნებლად თანამშრომლობაზე" შეთანხმდა.
"არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მე ვიზიარებთ მონდომებას, გავაგრძელოთ მუშაობა ევროპაში მშვიდობის დასაბრუნებლად. მე მას პირადად მივულოცე [აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება] სატელეფონო საუბრისას და ვთქვი, რომ გერმანიას აშშ-სთან წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელება სურს". - თქვა შოლცმა.





