აშშ-ს მომავალმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ცოტა ხნის წინ ტელეფონით ისაუბრეს. როგორც შოლცი სოციალურ ქსელში წერს, მან ტრამპს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მასთან "ევროპაში მშვიდობის დასაბრუნებლად თანამშრომლობაზე" შეთანხმდა.
"არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მე ვიზიარებთ მონდომებას, გავაგრძელოთ მუშაობა ევროპაში მშვიდობის დასაბრუნებლად. მე პირადად მივულოცე მას სატელეფონო საუბრისას და ვთქვი, რომ გერმანიას აშშ-სთან წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელება სურს". - წერს შოლცი X-ზე.
ცნობისთვის, 7 ნოემბერს გავრცელდა ცნობები, რომ გერმანიის მმართველი შუქნიშნის კოალიცია, რომელიც სამი პარტიისგან: გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD), თავისუფალი დემოკრატებისა (FDP) და მწვანეებისგან შედგებოდა, დაიშალა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ფინანსთა მინისტრსა და კოალიციის ერთ-ერთი წევრი პარტიის ლიდერს, ქრისტიან ლინდნერს ეკონომიკურ რეფორმებზე მუდმივი უთანხმოებების გამო თანამდებობიდან ათავისუფლებდა.
ამასთან, ცოტა ხნის წინ შოლცმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, ბუნდესტაგში მისი მთავრობისადმი ნდობის საკითხზე კენჭისყრა შობამდე დააყენოს.
"ჩემთვის არ არის პრობლემა, რომ ნდობის შესახებ კენჭისყრა შობამდე დავაყენო, თუ ყველა შეთანხმდება. […] ჩემს სამსახურს არ ვებღაუჭები“. - თქვა შოლცმა ARD-სთან საუბრისას.
როგორც შოლცმა ARD-სთან ინტერვიუში თქვა, ბუნდესტაგში მთავრობის ნდობის საკითხზე კენჭისყრა წლის ბოლომდე იმ შემთხვევაში იქნება, თუ შოლცის სოციალდემოკრატიული პარტიის (SPD) თავმჯდომარე, როლფ მიუტცენიხი და ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ლიდერი, ფრიდრიხ მერცი თარიღზე შეთანხმდებიან.