თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ ისინი სტუდენტთა პროტესტს მხარდაჭერას უცხადებენ და უერთდებიან.
"თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები ვუერთდებით სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს და ვაგრძელებთ ევროპული მომავლისთვის ერთიან ბრძოლას.
მიუხედავად ტოტალურად გაყალბებული არჩევნებისა, გვჯერა, რომ ცოდნით, შრომითა და თავისუფლებით, მიზნის მიღწევა შესაძლებელია. სწორედ ამიტომ, მხარდაჭერას ვუცხადებთ და ვუერთდებით ბსუს, თსუს, ილიაუნისა და ყველა სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან". - წერია განცხადებაში.
15 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან სტუდენტებმა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების საპროტესტო აქცია გამართეს, პოლიციამ კი სტუდენტებსა და ლექტორებს შენობაში შესვლის უფლება არ მისცა.
თსუ-ს ლექტორი, გიორგი ბადრიძე სოციალურ ქსელში წერდა, რომ მას უნივერსიტეტიდან არ უშვებდნენ, რათა სტუდენტები შიგნით არ შესულიყვნენ.
სტუდენტების მხარდასაჭერად თსუ-ში ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებული აქციის მონაწილეებიც გადაადგილდნენ.
პროტესტის მონაწილეები შემდგომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ დაიძრნენ, მათი ნაწილი კი იქ შენობაში პროტესტის მიზნით ღამის გასათევად დარჩა.
მოგვიანებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა თსუ-ს სტუდენტებს სოლიდარობა გამოუცხადეს და პროტესტებში ასევე ჩაერთნენ.
სტუდენტების პროტესტს მხარდაჭერა ასევე გამოუცხადეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.





