დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

NYT: მასკი გაეროში ირანის ელჩს შეხვდა და აშშ-ირანს შორის დაძაბულობის განმუხტვაზე ესაუბრა

ილონ მასკი ვაშინგტონში შეხვედრის შემდეგ, 13 ნოემბერი, 2024
Eric Lee/The New York Times

გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, ამერიკელი ბიზნესმენი და აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის ახლო მოკავშირე, ილონ მასკი, 11 ნოემბერს გაეროში ირანის ელჩს, ამირ საიდ ირავანის, შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა ორ ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

NYT-ის ცნობით, ირანის ელჩსა და მასკს შორის შეხვედრა ნიუ-იორკში საიდუმლო ადგილზე შედგა და ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ირანელი მაღალჩინოსნების თქმით, საუბრის ძირითადი თემა ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბული ვითარების განმუხტვა იყო.

ამას გარდა, გამოცემის ცნობით, ირანის ელჩმა მასკს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტისგან შეღავათების მიღება და საკუთარი ბიზნესის გარკვეული ნაწილების თეირანში გადატანაც ურჩია.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა CNN-თან განაცხადა, რომ გაეროში ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის არ შეუტყობინებიათ, რომ მასკსა და ირანის ელჩს შორის შეხვედრა იგეგმებოდა და შეხვედრის შესახებ დამოუკიდებელი წყაროდან დასტური ჯერ კიდევ არ მიუღიათ.

შეხვედრასთან დაკავშირებით კითხვაზე ტრამპის კომუნიკაციების დირექტორმა, სტივენ ჩენგმა, განაცხადა, რომ კომენტარს არ გააკეთებენ იმ ცნობებზე, რომელიც დახურული შეხვედრის ჩატარება-არ ჩატარებას ეხება.

კომენტარები