თეთრ სახლში აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეხვედრა გაიმართა.
ოვალურ კაბინეტში ლიდერები ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე შეთანხმდნენ.
ბაიდენი: მოველი, გვქონდეს, როგორც უკვე ვთქვით, მშვიდი გადაბარება. გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რომ უზრუნველყოფილი იყო, რაც გჭირდება იმით. დღეს ამაზე საუბრის შანსი მოგვეცემა, ასე რომ, კეთილი იყოს შენი მობრძანება, შენი დაბრუნება.
ტრამპი: მადლობა, დიდი მადლობა. პოლიტიკა რთულია და ხშირ შემთხვევაში, მსოფლიოც არ არის კარგი, მაგრამ დღეს მშვენიერია მსოფლიო და მადლობელი ვარ ამის. გადაბარება, რომელიც ისეთი მშვიდია, რამდენადაც მშვიდი შეიძლება იყოს ეს და ამას მე ძალიან ვაფასებ, ჯო.
ჟურნალისტების შეკითხვებს ბაიდენმა და ტრამპმა არ უპასუხეს.
აშშ-ს მოქმედმა პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა თეთრ სახლში ტრამპის მეუღლე, მელანია ტრამპიც მიიწვია, თუმცა მელანიამ თეთრ სახლში მისვლაზე უარი თქვა. ტრამპის დახვედრისას ჯილ ბაიდენმა მას ხელნაწერი წერილი გადასცა, რომელშიც, თეთრი სახლის ინფორმაციით, მოქმედი პირველი ლედი მელანიას ულოცავს და "მისი გუნდის მზაობას გამოხატავს, რათა [ძალაუფლების] გადაბარებაში დაეხმარონ".
ამგვარი შეხვედრა არ შემდგარა 2020 წელს, როდესაც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპს ბაიდენმა მოუგო.
5 ნოემბრის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის გამარჯვებული კანდიდატი მოქმედმა პრეზიდენტმა თეთრ სახლში 7 ნოემბერს მიიწვია, რაზეც ტრამპი იმ დღესვე დათანხმდა. იმ დროს ტრამპის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა, სტივენ ჩენგმა განაცხადა, რომ ტრამპი "შეხვედრის მოლოდინში იყო" და "ძალიან მადლობელი იყო ზარის".
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელმა კანდიდატმა და აშშ-ს ყოფილმა, 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ტრამპმა საარჩევნო კოლეგიის 312 ხმა მიიღო.